ზურაბ ბატიაშვილი - საქართველო, რომელიც  თავის დროზე, რეფორმებისა და დასავლეთთან დაახლოების საკითხში მედროშე იყო, ახლა ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფშია - არ ჩანს პერსპექტივაც, რა შეიძლება ისეთი მოხდეს, რასაც ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვება

საქართველოსა და უკრაინის გზები გაყოფილია, მათ შორის გაიყო ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ახლა ვხედავთ იმავეს ნატო-სთან მიმართებით. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. როცა ჩვენ თავის დროზე, რეფორმებისა და დასავლეთთან დაახლოების საკითხში მედროშეები ვიყავით, ახლა ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფში ვართ, - ასე შეაფასა ვილნიუსში გამართული ნატო-ს სამიტი საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა ზურაბ ბატიაშვილმა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეალური ნატო-ში გაწევრიანება.

„ვილნიუსის სამიტი თავისი არსით მართლაც ისტორიული ამბავია, იმიტომ, რომ უკრაინაზე კონცენტრირება მოხდა, ითქვა, რომ უკრაინას გაწევრიანებისთვის MAP-ი აღარ სჭირდება და ამავე დროს, თურქეთმა შვედეთს მწვანე შუქი აუნთო. ნატო გაფართოებას განაგრძობს აღმოსავლეთით და ესეც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რაც შეეხება კომუნიკეში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, იქ ნათლად ჩანს, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს არ აქვს პროგრესი და დიდწილად იმეორებს წინა წლების მსგავსი დოკუმენტების შინაარსს: „ნატო განაგრძობს საქართველოს თანადგომას და მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის საკითხში“,“ რუსეთს მოუწოდებს, რომ გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან“. ასევე, საინტერესოა ბოლოში გაკეთებული ჩანაწერი, სადაც ვკითხულობთ, „იმისთვის, რომ საქართველომ ნატო-სთან დაახლოების საკითხში პროგრესს მიაღწიოს, მას რეფორმების განხორციელება სჭირდება, განსაკუთრებით, ეს ეხება დემოკრატიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს“. რეალურად ნათქვამია ის, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს საშინაო დავალება და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება რეალური ნატო-ში გაწევრიანება. ეს რამდენად შესაძლებელია არსებული ხელისუფლების პირობებში, ცოტა ძნელი სათქმელია, იმიტომ, რომ არათუ რეფორმებს ატარებს, არსებულს, რაც არის, იმასაც ართმევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მაინცდამაინც პროგრესული ვერ არის ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება.

ასევე, საქართველოსა და უკრაინის გზები გაყოფილია, მათ შორის გაიყო ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ახლა ვხედავთ იმავეს ნატო-სთან მიმართებით. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. როცა ჩვენ, თავის დროზე, რეფორმებისა და დასავლეთთან დაახლოების საკითხში მედროშეები ვიყავით, ახლა ყველაზე ჩამორჩენილ ჯგუფში ვართ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, არ ჩანს პერსპექტივა, თუ რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რასაც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოსვლა მოჰყვებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ამ ხელისუფლებამ ქვეყანა ჩააყენა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ვილნიუსში საქართველოს არა პრემიერი და პრეზიდენტი, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა, რომელიც მეთვალყურის ფუნქციას ასრულდება და მეტს არაფერს, ეს თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სურს საქართველოს ხელისუფლებას“, - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ გამოქვეყნებულ კომუნიკეს მიხედვით, ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის საქართველომ რეფორმებში უნდა მიაღწიოს პროგრესს, მათ შორის საკვანძო დემოკრატიულ რეფორმებში. ამასთან, ნატოს წევრები იმეორებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით, (MAP) როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილით. რაც შეეხება უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებულ ჩანაწერს, კომუნიკეს მიხედვით, უკრაინის მომავალი ნატოშია. „უკრაინის გზა გასცდა გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საჭიროებას, სულ უფრო მეტად თავსებადია და პოლიტიკურად ინტეგრირებულია ალიანსთან და მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს რეფორმების გზაზე“, - ნათქვამია კომუნიკეში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო