სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმეზე მოკვლევა ერთი კვირის წინ დაიწყო. ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ერთკვირიანი მოკვლევის შედეგად „ვერაფერი გამოვლინდება“, რადგან საქმის შესწავლას თავისი პროცედურა აქვს და ამას გარკვეული დრო დასჭირდება.
„საკითხი, რომელიც უკავშირდება ბატონ რაზმაძეს, ჩვენთვის აქამდეც იყო ცნობილი. მან მომართა სახალხო დამცველის ოფისს, პირადადაც მომმართა და ჩვენ კვირაზე მეტია დაწყებული გვაქვს ამ საქმის შესწავლა. შესაბამისი დეპარტამენტი მოიკვლევს ამ საკითხს და ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რა პოზიცია ექნება სახალხო დამცველს მის განცხადებასთან დაკავშირებით.
ერთ კვირაში ვერაფერი გამოვლინდება, იმიტომ რომ საქმის შესწავლას აქვს თავისი პროცედურა. ამას რაღაცა დრო დასჭირდება,“ - განაცხადა იოსელიანმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი გოგა რაზმაძე აცხადებს, რომ მის მიმართ „დამამცირებელი და ღირსების შემლახველი მოპყრობა ხორციელდება“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში რაზმაძე წერს, რომ დეპარტამენტის კურატორად ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ, „თანამშრომლები ცენზურას დაექვემდებარნენ, დაიწყო მათი საჯარო პოსტების კონტროლი, რის შემდეგაც მან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა უფროსთან, ასევე მოადგილეებთან, ამის გამო კი, მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დაიწყო“.
რაზმაძის ინფორმაციითვე, ამ მოვლენების ფონზე დეპარტამენტში აუდიტის შემოწმება დაიწყო, რაც, მისივე თქმით, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. რაზმაძე ამ ფაქტს რეორგანიზაციას უკავშირებს.