ქართული პრესის მიმოხილვა 12.07.2023

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო - შეიცვლება თუ არა რუსეთისა და სეპარატისტების ტონი უკრაინის ომის ფონზე?

ვის რა შანსი აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - რამ შეიძლება დაარღვიოს „ოცნებისა“ და ენმ-ის მონოპოლია

***

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო - შეიცვლება თუ არა რუსეთისა და სეპარატისტების ტონი უკრაინის ომის ფონზე?

“მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების დამაიმედებელი განცხადებებისა, რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდება და დევნილები საკუთარ საცხოვრებლებს დაუბრუნდებიან, მიუხედავად მკვეთრი საერთაშორისო მხარდაჭერისა, ჟენევის მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი უშედეგო იქნება, აცხადებენ ანალიტიკოსები „რეზონანსთან" საუბრისას“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო - შეიცვლება თუ არა რუსეთისა და სეპარატისტების ტონი უკრაინის ომის ფონზე?

„საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებით, სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. „ფონი კიდევ უფრო დამძიმებულია, განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გრძელდება დესტრუქციული ქმედებები, რომლებსაც ახორციელებს რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმები. ამ ფონზე იმართება ეს რაუნდი. მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს აქვს თავისი პარტნიორების მხრიდან, ევროკავშირიდან, აშშ-დან, მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, ჟენევაში სულ მზარდია, სულ უფრო იზრდება ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მოგეხსენებათ, ამ დროისთვის ძალიან დიდია რაოდენობა საქართველოს დაკავებული მოქალაქეებისა, რუსეთი პერიოდულად აკავებს ხოლმე საქართველოს მოქალაქეებს და იყენებს ხოლმე ამას, როგორც ზეწოლის მექანიზმს, შემდეგ კი რამდენიმე მათგანის გათავისუფლება უნდა წარმოაჩინოს, როგორც პოზიტივი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს ცალსახად არის პროვოკაციული ნაბიჯი და, ზოგადად, პროვოკაციული პოლიტიკა", - განუცხადა ლაშა დარსალიამ ჟენევაში ჟურნალისტებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა ჟენევაში განაცხადა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც ყველაფერში რუსეთის ფედერაციაა გამტყუნებული. „ჟენევის მოლაპარაკებებს აქვს განსაკუთრებული დატვირთვა, რადგან როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ხდება ადამიანის უფლებების თუ საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევა, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეაგირების ფორმატი არის სწორედ ჟენევის მოლაპარაკებები, რათა საკითხები გადაიჭრას სწრაფად. საკითხების ამ ფორმატში გადაჭრა თუ ვერ ხდება, ჩვენ შემდეგ ინტერესებს ვიცავთ საერთაშორისო სასამართლოებში და, წინა წლებისგან განსხვავებით, ახლა უკვე გვაქვს როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებითაც დადგენილია, რომ 2008 წლის ომში საქართველოს სახელმწიფო და ქართული ჯარი მოქმედებდა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით და თუ ვინმე რაიმეს არღვევდა, ეს იყო რუსეთის ფედერაცია. შესაბამისად, ამ მოლაპარაკებებში, რა თქმა უნდა, ორივე სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან გვეხმარება. უკვე სამართლებრივად დადგენილია, რომ ყველა დარღვევა მიეწერება რუსეთის ფედერაციას და ჩვენ ამ გადაწყვეტილებების შემდეგ ცალკეულ დარღვევებსა და ინციდენტებზე კი აღარ გვიწევს საუბარი, არამედ უკვე ავტომატურად ვაყენებთ იმას, რომ ესაა სისტემური პრობლემა, რუსეთის პოლიტიკის პრობლემა და საკითხები უნდა გადაიჭრას სისტემურად, საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები აღსრულდეს. საერთაშორისო სამართალი არის საქართველოს მხარეს", - განაცხადა ძამაშვილმა“, - გნაგრძობს გამოცემა.

„ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღევანდელი ჟენევის შეხვედრების ამ რაუნდიდად ახალს არაფერს ელოდება. „თამამად შემიძლია გითხრათ რომ ახალი არაფერი არ იქნება, მე არ ველოდები ამ ჟენევიდან რაღაც შედეგს და დარწმუნებული ვარ, რომ მხარეები დარჩნენ თავიანთ პოზიციებზე. ჯერ არ ვიცი განცხადებები, მაგრამ ოსები და აფხაზები მოითხოვენ საქართველოსაგან ძალის არგამოყენებაზე ხელშეკრულების ხელმოწერას, საქართველო მოითხოვს, რომ განხორციელდეს დეოკუპაცია, რუსეთი მოითხოვს, რომ პირდაპირ კონტაქტები ჰქონდეთ აფხაზებს, ქართველებს და ოსებს და ყველა ეს სიმღერა უკვე გრძელდება 10 წელზე მეტია. „ჟენევა საკმაოდ სერიოზული ინსტრუმენტია, სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - გაერო, ევროკავშირი და ეუთო. ჟენევის ფორმატი შეიქმნა 6-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შესაბამისად, როდესაც ხელი მოეწერა მედვედევსა და სააკაშვილს შორის სარკოზის ხელმძღვანელობით 2008 წლის 12 აგვისტოს,. „გარდა ამისა მონაწილეობენ ასევე სახელმწიფოებიც - საქართველო, რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ეს უნიკალური ფორმატია. იქ ასევე ესწრებიან რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან ესწრებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია. ასე რომ, ძალიან არეული ვითარებაა, დღემდე მხარეები არ ჩამოყალიბებულან, 10 წელზე მეტი გავიდა და ჯერ არ არის არცერთ დოკუმენტზე ხელი მოწერილი," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა“, - დასძენს გამოცემა.

„ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც ჟენევის შეხვედრას სკეფსისით უყურებს. მისი აზრით, რეგიონის მომავალ გეოპოლიტიკურ კონტურებს უკრაინის კონფლიქტი განსაზღვრავს. „მე ვერ ვხედავ, რომ რამე შეიცვალა, რადგან ის ტენდენცია, რაც ახასიათებდა ჟენევის მოლაპარაკებებს, სადაც პრინციპში რუსული სეპარატისტული მხარე მუდმივი „ბოიკოტის" რეჟიმში იმყოფებოდა, დარჩა ისევე, როგორც იყო. არაფერი არ შეცვლილა. წლებია ასე მოქმედებენ - იმ მომენტიდან, როცა შეიქმნა ჟენევის მოლაპარაკების ფორმატი. ეს ფორმაა, რომ ყველაფერში წინააღმდეგობა გაუწიონ ქართულ მხარეს და იმ ჯგუფს, რომელიც შუამავლის ფუნქციას ასრულებს. „რაც შეეხება იმას, მომავალში შეიცვლება თუ არა რამე, ვერ გეტყვით, მაგრამ საერთოდ, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება დამოკიდებულია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. ვიდრე ნათელი არ გახდება ამ კონფლიქტის შედეგი, მანამდე რთულია რამეზე ლაპარაკი," - განაცხადა „რეზონანსთან" მამუკა არეშიძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

ვის რა შანსი აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - რამ შეიძლება დაარღვიოს „ოცნებისა“ და ენმ-ის მონოპოლია

„ბოლო წელიწადში კალეიდოსკოპის სისწრაფით განვითარებულ მოვლენებს, წესით, მნიშვნელოვანი ძვრები უნდა გამოეწვია პარტიების რეიტინგებში, თუმცა ბოლო კვლევებში ნათლად ჩანს, რომ რეიტინგები თითქმის არ იცვლება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, თუ რაიმე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არ მოხდა, არც მომავალი არჩევნებისთვის შეიცვლება სიტუაცია კარდინალურად. მათი თქმით, მთავარია ისეთი მესამე პოლიტიკური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს წაიყვანს“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვის რა შანსი აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - რამ შეიძლება დაარღვიოს „ოცნებისა“ და ენმ-ის მონოპოლია

„ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევა ივნისში გამოქვეყნდა და სურათი ფაქტიურად არ შეცვლილა. ტელეკომპანია „ფორმულას" დაკვეთით კვლევითმა კომპანია „ედისონ რისერჩმა", რომელიც ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე სანდო ინსტიტუციაა, მოსახლეობის განწყობის კვლევა ჩაატარა, რომელიც 20 ივნისს გამოქვეყნდა, გამოკითხვები კი 25მაისი-14ივნისის პერიოდში მიმდინარეობდა. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 37%-მა ქართული ოცნება დაასახელა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 25%-მა, გახარიას პარტია „საქართველოსთვის" კი 6%-მა. სხვა პარტიების რეიტინგები შემდეგნაირად განაწილდა: ლეიბორისტული პარტია - 5%, გირჩი - მეტი თავისუფლება - 4%, ლელო - 4%, გირჩი (იაგო ხვიჩია) - 3%, სტრატეგია აღმაშენებელი - 3%, ხალხისთვის (ანა დოლიძე) - 3%, დროა - 2%, ალტ ინფო - 2%, მოქალაქეები - 2%, ხალხის ძალა - 2%, ევროპული საქართველო - 1%, პატრიოტთა ალიანსი - 1%. მანამდე, 3 მაისს, გამოქვეყნდა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევა, გამოკითხვა 17-23 მარტს ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია და ენმ-ს რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზე იყო დაცემული. კითხვაზე, ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, პასუხები ასე გადანაწილდა: 34% -არცერთი, 26% -არ ვიცი, 20% -ქართული ოცნება, 9% - უარი პასუხზე, 5% - ენმ, 6% - სხვა პარტიები“, - აღნიშნავს გამოცემა.

„როგორც ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, პარტიებში პირველ-მეორე ადგილის თემა გარკვეულია, და ძალიან მნიშნელოვანი რამ უნდა მოხდეს, რომ ეს მოცემულობა 2024 წლის არჩევნებამდე შეიცვალოს. „პროცენტულობაზე ვერაფერს ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, პარტიების რეიტინგის მხრივ არაფერი არ შეცვლილა, ეს ტენდენცია ათ წელზე მეტია გრძელდება. ყველა გამოკითხვით ყოველთვის პირველ ადგილზე „ოცნება" იყო, მეორეზე ენმ. ამ მხრივ არა მგონია, რომ ეს რეიტინგი კატასტროფულად რაიმეს შეეცვალა. „საქართველოში პარტიებში პირველ-მეორე ადგილის თემა გარკვეულია, და კატასტროფულად რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს მოცემულობა 2024 წლის არჩევნებამდე შეიცვალოს. „აქ მნიშვნელოვანი პირველი-მეორე ადგილი კი არაა, არამედ ის, წვრილი პარტიები 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა. თუ წვრილი პარტიებიდან ერთი ან რამდენიმე ჯგუფი გაჩნდება, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნებათ, მაშინ „ოცნება" წავა იმაზე, რომ ბარიერი დაწიოს. მას მრავალპარტიული პარლამენტი ურჩევნია, რადგან ვაჭრობა ბევრთან უფრო შეიძლება, ვიდრე რამდენიმე სუბიექტთან. თუ ეს ვერ მოხერხდა და ორი პარტია დარჩა, ჩათვალეთ, რომ „ოცნება" ისევ ხელისუფლებაში დარჩება, არაფერი ამას არ უშველის. „ელექტორატი ძირითადად სამ კატეგორიადაა ჩამოყალიბებული - „ოცნების" და ენმ-ის მხარდამჭერები და ისინი, რომლებსაც არცერთი არ უნდათ. ოპოზიციის გაერთიანების შემთხვევაში მოხდება ის, რომ მეტი ამომრჩეველი ისევ „ოცნებისკენ" წავა, ვიდრე ოპოზიციისკენ, ამიტომაც მუშაობა უნდა იყოს იმაზე, რომ მესამე ჯგუფი შეიქმნას, რომელსაც 5%-იანი ბარიერის დაძლევა გარანტირებული ექნება, გამოსავალი და კოალიციური მთავრობის აუცილებელი პირობა ესაა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან"“, - განაგრძობს გამოცემა.

„შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს, რომ „ოცნებას" უმრავლესობაში მოსვლა გაუჭირდება, რადგან 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული იქნება. „თუ „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „სტრატეგია აღმაშენებელი" გაერთიანდებიან, შანსი აქვთ, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახონ. შანსი „ლელოსაც" აქვს. ახლა პროპორციული არჩევნებია და მგონია, რომ „ოცნებას" უმრავლესობაში მოსვლა ძალიან გაუჭირდება. 2020 წლის არჩევნებზე „ოცნებამ" ოპოზიციაზე ნაკლები ხმა მიიღო და მაჟორიტარებით გავიდა, ახლა კი მისთვის გაცილებით რთული იქნება, თან თუ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს და ამასთან, ნატოსთან მიმართებაშიც სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ. „ოპოზიციის რეიტინგიც ძალიან არ ამაღლებულა, მაგრამ „ოცნებას" რომ მომავალ არჩევნებზე უმრავლესობაში მოსვლა გაუჭირდება, ფაქტია. ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ჩემი აზრით ოცნება 25-30%-ს აიღებს," - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ“, - წერს სტატიის ავტორი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო