აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ და კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ მოაწერეს. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორანდუმი ითვალისწინებს, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი პირების კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასო სწავლებასა და მათი მხარდაჭერისთვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას. ასევე, ამ მიზნით ერთობლივი კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგების ორგანიზებასა და განხორციელებას.
„უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც კოლეჯ „სპექტრში“ ისწავლება, სხვადასხვა ასაკის დევნილ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, შესაბამისი კვალიფიკაცია მიიღონ. ბედნიერი ვიქნები თუ ჩვენი დახმარებით ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამებში.
მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა კოლეჯ „სპექტრსა“ და მის დირექტორს ბატონ მათე ტაკიძეს, იმისთვის რომ განსაკუთრებული ყურადღებითა უდგება ჩვენს დევნილ მოქალაქეებს, რათა ხელი შევუწყოთ მათ არა მარტო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებაში, არამედ შემდგომ დასაქმებაში. ყველას, ვინც კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს კარგად აითვისებს, ფაქტობრივად, გარანტირებული ექნება სამუშაო ადგილი, რაც ერთ-ერთი მთავარი საჭიროებაა ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის.
ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ და ძლიერი ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს უნდა ვისწავლოთ შრომა და მე მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია,“ - აცხადებს დავით ფაცაცია.
მათივე ცნობით, მემორანდუმის გაფორმებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, სამინისტროსა და კოლეჯის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ.
„შეხვედრის ფარგლებში, კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ მონაწილეებს უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები დაათვალიერებინა, სადაც კოლეჯის მოსწავლეები პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.
კოლეჯ „სპექტრის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე განთავსდება. პროგრამებში მონაწილეობის მიღება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ და აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეებს შეეძლებათ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.