თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ავლაბარში“ არსებულ რკინა-ბეტონის კონსოლს დემონტაჟი ჩაუტარდება, რის გამოც, შესაძლოა, საჭირო გახდეს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ორი კვირით დახურვა.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების პროცესში, სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა გამოიკვეთა.
მისივე თქმით, ჩატარდა რამდენიმე საექსპერტო კვლევა და მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი, რომელიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გადაეგზავნა.
„დაწყებული გაქვს მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ვინაიდან ის იყო ავარიულ მდგომარეობაში. პირველ რიგში, უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი კონსტრუქციის პერიმეტრზე არსებული რკინა-ბეტონის კონსოლის ავარიული მდგომარეობა. შესაბამისად, როგორც საპროექტო, ასევე სამშენებლო კომპანიის მონაწილეობით, დაიგეგმა და შესაბამისი საექსპერტო კომპანიების მეშვეობით განხორციელდა რამდენიმე კვლევა, როგორც კონსოლის დემონტაჟის აუცილებლობის, ასევე, დემონტაჟის შემთხვევაში, დარჩენილი შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის შესწავლის მიზნით. საექსპერტო დასკვნების მიღების შემდეგ, მომზადდა დემონტაჟის დეტალური პროექტი და დოკუმენტაციის სრული პაკეტი საბოლოო ექსპერტიზისთვის წარედგინა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. უახლოეს დღეებში ველოდებით ბიუროს დასკვნას, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მისაღებად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, თუ მეტროსადგურ „ავლაბრის“ ორი კვირით დახურვა საჭირო გახდა და აუცილებლობა დადგა, საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.
რაც შეეხება მეტროსადგურზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კახა კალაძის განცხადებით, ის, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს დასრულდება.