ანდრია ჯაღმაიძე მეუფე შიოზე - შესაძლოა დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო, თუმცა, არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც - საქმეზე გამოკითხული მხოლოდ მე ვარ

[მოწამვლა] რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. ისევ ვსაუბრობთ იმ ტონალობაში, რომ შესაძლოა საბოლოოდ დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო. თუმცა, რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ.

ამასთან, დეკანოზი განმარტავს, რომ პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებამ გამოჰკითხა.

„ნათქვამი იყო, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობით აღიძვრება საქმე და ამ კუთხით იქნება გამოძიება. გამოკითხული მხოლოდ მე ვარ. ძალიან ზოგადი ინფორმაცია [მივაწოდე გამოძიებას], რაც საჯაროდ ვთქვი, დაახლოებით, მის ირგვლივ ვისაუბრე“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი განმარტებით, საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოში გამოძიება ჯერ არ ჩატარებულა. ამასთან, მისვე თქმით, მეუფე შიოც გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, მზად არის

„ჯერ არა, მალე ჩატარდება. გამოძიების ფარგლებში არ ყოფილან [გამომძიებლები საპატრიარქოში]. ისე, როდესაც ჩვენ კერძოდ გვინდოდა რაღაც გარკვეული ანალიზი გაგვეკეთებინა, მაშინ გვყავდა ექსპერტები“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვაზე: ჩართული იყო თუ არა სუს-ი, ასევე, იყო თუ არა მისული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე საპატრიარქოში, ანდრია ჯაღმაიძე ასე პასუხობს: „დიახ, თანდათან ვაყენებდით საქმის კურსში“.

დეკანოზის განმარტებით, მეუფე შიოს ანალიზის პასუხს სავარაუდოდ, გერმანიიდან ელოდებიან. ამასთან, დეკანოზი მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლაში ჩარევას არ გამორიცხავს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, რას გულისხმობს ჩარევაში

„[მძიმე მეტალები] გადაჭარბებული იყო. არ დავასახელებ, ჯერ არ ვიცი სწორად მოვიქცევი, თუ არა რომ დავასახელო, რამდენჯერმე იყო გადაჭარბებული. [მოწამვლა] რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული. ისევ ვსაუბრობთ ამ ტონალობაში, რომ შესაძლოა საბოლოოდ დადგინდეს, რომ რაღაც ყოფითი შემთხვევა იყო. თუმცა, რაც ხდება და რა თანმიმდევრობითაც ხდება, ყოველ შემთხვევაში არ უნდა გამოირიცხოს ჩარევაც. ვერ გეტყვით, არაყოფითი შემთხვევა - აი, ამას ვგულისხმობ გარე ჩარევაში. დანარჩენს, როგორ დავადასტურებ, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

კითხვის საპასუხოდ, ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის საპატრიარქოდან არავინ დაკავშირებია.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მეუფე შიო სრულიად შრომისუნარიანია და შეზღუდული არ არის არც მსახურებაში და არც საზოგადოებასთან ურთიერთობაში. ასევე, მან ისაუბრა, თუ რატომ გაუჩნდათ მეუფეს შესაძლო მოწამვლის შესახებ ეჭვი.

„როდესაც სისუსტის რაღაც პერიოდი გრძელდება და ამის გამორიცხვის მეთოდით რაღაცების კეთება გიწევს, ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, ამაზე ანალიზია. შეიძლება ნებისმიერმა ჩვენგანმა ისედაც გავიკეთოთ [ანალიზი], დროთა განმავლობაში, რეკომენდებულია“, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება საპატრიარქოს თანამშრომლის, რუსუდან მაისურაძის გარდაცვალების ფაქტს, რომელიც გავრცელებული ცნობით, შესაძლოა ასევე მოწამვლით გარდაცვლილიყო, დეკანოზი აცხადებს, რომ აღნიშნული პირის გარდაცვალების შესახებ ექსპერტიზის პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ამასთან, დეკანოზის თქმით, მას უკვირს, თუ „თუ ვინ წამოჭრა ისევ“ შორენა თეთრუაშვილის სახელი სავარაუდო მოწამვლის ფაქტთან მიმართებით.

„შორენას მეტს არავის იცნობთ საპატრიარქოში? სხვა ვიღაც ხომ შეიძლება დაასახელოთ? რაღაც საკვირველია, ამაში საფუძველი არ არის“, - განაცხადა დეკანოზმა.

მისი თქმით, ძნელია თქმა, თუ რა საფუძველი ჰქონდა მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლას. დეკანოზის განმარტებით, კვლევა მაისიდან დაიწყეს.

„ხაზი მინდა გავუსვა იმას,რომ ჩვენ არ მოგვინდომებია ამ ამბის გარეთ გამოტანა. ვინც ეს ამბავი გარეთ გამოიტანა, არ ვიცი, განზრახ, ნებსით, თუ უნებლიედ, მაგრამ რეალურად, კვლევის პროცესი დააზიანა იმიტომ, რომ სხვაგვარად სჯობდა დაკვირვება, რომ აქ თუ რაიმე მკაფიო კვალი იქნებოდა, შეგვემჩნია. თუ რაღაც მსგავსი ვერსია განვითარდა, რომ ჩარევით ხდება, რა თქმა უნდა, ასეთი საჯარო განხილვები ამ პროცესს აზიანებს“, - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო