გიორგი ჩალაძის განცხადებით, უცხოელი ექიმებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილთან შესვლა ბრიუსელსა და თბილისს შორის ინტენსიური და მაღალი დონის მოლაპარაკებების შედეგად შეძლო

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, კლინიკა „ვივამედში“ პოლონელი ექიმები შევიდნენ.

მისივე თქმით, სამედიცინო მისიის წარმომადგენლები საქართველოში დარჩებიან მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საკმარის მონაცემებს და ინფორმაციას არ მიიღებენ.

როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება.

„27 თებერვალს, ბრიუსელში შეთანხმებული დემარშის იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემის შემდეგ, სამედიცინო მისია, ფაქტობრივად, 5 თვის დაგვიანებით საქართველოში ჩამოვიდა. ამ პროცესში ჩვენ არა ერთხელ ვნახეთ ტყუილების კასკადები, რომლებიც გაჟღერებული იყო და თქვენ ნახეთ, ჩვენ როგორ დავიცავით კონფიდენციალური შეთანხმება, ვაცადეთ დიპლომატიას მუშაობა და დღეს ექიმები აქ არიან ისე, რომ არავინ იცოდა აქ ჩამოსული რომ იყვნენ და არავინ იცოდა კლინიკა „ვივამედში“ როდის შევიდოდნენ. ჩვენ ეს პირობა დავიცავით. ვიზიტთან დაკავშირებულ დეტალებს კვლავ ვერ გავაჟღერებთ, იმიტომ, რომ ეს არის დიპლომატიური მოლაპარაკების საკითხი. ეს არის კონფიდენციალური, მხოლოდ რამდენიმე პირმა ვიცით ამის შესახებ და ეს ჩვენი მხრიდან არ გავრცელდება.

შემიძლია გითხრათ, რომ დღეს დილიდან მოყოლებული ბრიუსელსა და საქართველოს მთავრობას შორის ძალიან ინტენსიური საუბრების, მოლაპარაკებების და დისკუსიების შემდეგ, ამ გადაწყვეტილების მიღება მოხდა. ეს საუბარი არ იყო მარტივი და დაბალ დონეზე არ მიმდინარეობდა, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გაიმართა ბრიუსელსა და თბილისს შორის. ამაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოდან ევროკავშირის წარმომადგენლობა და პოლონეთის საელჩო.

სამედიცინო მისია დაკომპლექტებულია სხვადასხვა პროფილის ექიმებით - მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო, უმაღლესი დონის, სპეციფიკური ცოდნის და განათლების მქონე ექიმებით, რომლებიც აღჭურვილნი არიან ყველაფრით, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად სჭირდებათ. მისია გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ექიმები მათთვის საკმარის მონაცემებს და ინფორმაციას არ მიიღებენ, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის სურათის სრულად დასანახად. სამედიცინო მისიის შედეგები საჯარო არ იქნება“, - განაცხადა ჩალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო