საქართველოს პარლამენტის წევრის, ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ დისკრიმინაციულია.
დეკანოიძის განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლებამ 2024 წლის არჩევნებზე „თავდაცვის კოდექსი“ ახალგაზრდების წინააღმდეგ გამოიყენოს.
„თავდაცვის მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუთხარი, რომ არ მჯერა „ქართული ოცნების“ პირობებში მათ აინტერესებთ ძლიერი შეიარაღებული ძალები, ძლიერი თავდაცვის ძალები, ვინაიდან, ეს არის ხელისუფლება, რომელიც 11 წლის განმავლობაში საკუთარ სახელმწიფოს ადანაშაულებდა ომის დაწყებაში და ეს არის ხელისუფლება, რომელსაც არ გამოუხატავს გულისხმიერება და სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
გარდა ამისა, „თავდაცვის კოდექსში“ არის თავები, რომელთა წინააღმდეგი ვარ, ეს არის ალტერნატიული სამსახური, რომელიც შეიძლება გადაიქცეს კორუფციის ერთ-ერთ ნიშნულად. კანონი ყველას არ მიესადაგება, არის დისკრიმინაციული და გარდა ამისა, არსებობს საშიშროება, რომ არჩევნებზე შესაძლებელია ახალგაზრდების წინააღმდეგ იყოს გამოყენებული“, - განაცხადა დეკანოიძემ.
ცნობისთვის, რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, პარლამენტმა, მეორე მოსმენით, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მიიღო.
მუხლობრივი განხილვის შემდეგ, “თავდაცვის კოდექსის“ პროექტს 79 ხმით დაუჭირეს მხარი. 6-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა. საკანონმდებლო პაკეტი 46 კანონპროექტისგან შედგება.