FAO- ს პროექტის მენეჯერი განმარტავს, როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები, რომ ხორცის მიღებისას ტრიქინელოზის დაავადების რისკებისგან დაცული იყვნენ

“გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის” (FAO- ს) პროექტის მენეჯერის, მიხეილ სოხაძის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში, საქართველოში ტრიქინელოზის (დაავადება, რომელიც ადამიანზე დაავადებული ხორცის ჭამის შედეგად გადადის) მეხუთე დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირდა, რასაც მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს.

მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მოქალაქეებს მოუწოდა, არ უნდა შეიძინონ ხორცი ისეთ სავაჭრო ობიექტებში, სადაც არ არის წარმოდგენილი ვეტერინარული ზედამხედველობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მან განმარტა, თუ რა გზით შეიძლება დაემართოს დაავადება ადამიანს.

„ეს არის პარაზიტით გამოწვეული დაავადდება, მის ენდემურობას განსაზღვრავენ მღრღნელები. სწორედ მღრღნელებში არის უფრო მეტად წარმოდგენილი, ასევე, იმ ცხოველებში, რომლებიც ყველაფრით იკვებებიან. ამიტომაც არის, რომ სწორედ ღორი არის დაავადების ერთ-ერთი მთავარი გადამტანი, ასევე დათვი, მაჩვი“, - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

მისი თქმით, დაავადებულ ღორს შეუძლია სხვა ღორიც დააავადოს, ადამიანებში კი დაავადებული ხორცით ვრცელდება.

„ეს ისე არ გადადის, როგორც ვირუსები და ბაქტერიები, მხოლოდ ხორცის ჭამით გადადის. ადამიანს მაშინ ეწყება კუჭის ტკივილი, როდესაც ტრიქინელოზი კუჭის ლორწოვან გარსში შეღწევას ცდილობს. შემდეგ უკვე ის გადადის ნაწლავებში, სადაც მრავლდებიან. ძალიან პათოგენური და ძლიერ ალერგენულია. ძალიან მძიმე ალერგიებს იწვევენ ორგანიზმში. გარდა ამისა, აზიანებს კუნთებს, მათ შორის შეიძლება გულის კუნთშიც კი დაფიქსირდეს. ხშირად გამოხატულია ქუთუთოებზე, კისრის მიდამოში. 20-30 წელიწადიც კი ცხოვრობენ ამ კუნთებში“, - განაცხადა მიხეილ სოხაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ნებისმიერი ცხოველის ხორცი, რომელიც ბაზარზე იყიდება, უცილებლად სასაკლაოზე უნდა იყოს დაკლული, სადაც შემოწმებას ვეტერინარი ახორციელებს.

„ხორცი აუცილებლად უნდა იყოს დახლში განთავსებული და შესაბამის ტემპერატურაზე. ეს არის 6 გრადუსამდე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სასაკლაოზე თუ დაიკლა, მას აუცილებლად მოჰყვება შესაბამისი ეტიკეტი. შესაბამისად, სასაკლაოზე დაკლული ხორცით ტრიქინელოზით არ დაავადდებით“, - განაცხადა სოხაძემ.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შეძენისას ასევე ფარშს.

„ფარში 2 გრადუს ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს. თუ ფარში თქვენს თვალწინ მომზადდება, უმჯობესია“, - განაცხადა სოხაძემ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა