„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა შველიძე მასზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით სახალხო დამცველს შეხვდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა შველიძე და მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდნენ.

როგორც ლუკა შველიძე ამბობს, მან ლევან იოსელიანისგან მიიღო დაპირება, რომ ომბუდსმენის აპარატი 17 ივნისს განვითარებულ მოვლენებს გამოიკვლევს.

„სახალხო დამცველს ინფორმაცია მივაწოდეთ 17 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე. ასევე, თუ ვინ იყო ის მოძალადეები, ვინც თავს დამესხა. ეს მოძალადეები იყვნენ „ქართული ოცნების”“ წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად არიან ძალადობაში მხილებულნი. მსგავსი სიტუაცია თსუ-ში სამჯერ მოხდა. ერთი იყო მაღლივში, როცა სტუდენტები ბროშურების დარიგების გამო სცემეს, მეორე იყო, როდესაც 8-9 მარტის დროს ერთ-ერთი პიროვნება ირაკლი კობახიძის აუდიტორიიდან ცემა-ტყეპით გამოათრიეს, მესამე კი ჩემი შემთხვევა იყო.

სახალხო დამცველს ვთხოვეთ, რომ მისი უფლებების ფარგლებში განცხადება გაეკეთებინა და ეს ფაქტი დაეგმო. სახალხო დამცველი არის ის ბერკეტი, რომლის განცხადება ჩვენთვის, სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ლევან იოსელიანმა გვითხრა, რომ კომუნიკაცია სხვადასხვა ორგანოსთან ექნება, ვინც ამ საქმეს იძიებს. ასევე, მისი აპარატი მოკვლევაში მონაწილეობას მიიღებს. ჩვენი მიზანი არ არის, რომ ეს პირები დააკავონ, ჩვენი მიზანია, რომ ძალადობა სტუდენტებზე შეწყდეს და ძალადობა შეწყდეს იმის გამო, რომ ჩვენს აზრს ვაფიქსირებთ“, - განაცხადა ლუკა შველიძემ.

ადვოკატის თქმით, შეხვედრაზე ლევან იოსელიანს სთხოვეს, რომ დაიცვას ყველა ის სტუდენტი, რომელზეც სისტემა და „ქართული ოცნება“ ძალადობს.

„სახალხო დამცველის მანდატიდან გამომდინარე, ჩვენ და სახალხო დამცველი ამ პირების დაკავებას ვერ მოვითხოვდით. სახალხო დამცველი უნდა იყოს ადამიანის უფლებების დაცვის ავანგარდში, როცა სისტემა ძალადობს მოქალაქეებზე. ლუკას შემთხვევაში „ქართული ოცნების“ „ზონდერებმა“ იძალადეს და დღეს დასჯილი არავინ არ არის. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის აპარატმა და სახალხო დამცველმა სიტყვა უნდა აიმაღლოს და დაიცვას ის სტუდენტები, რომლებზეც სისტემა ძალადობს. ჩვენ ლევან იოსელიანს ვთხოვეთ, რომ მან გააკეთოს განცხადება, შეისწავლოს საქმე და დაიცვას ყველა ის სტუდენტი, რომელზეც სისტემა და „ქართული ოცნება“ ძალადობს“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, 17 ივნისს, თსუ-ში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და თსუ-ს ლექტორი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა, სადაც ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, რომელთა ნაწილი კობახიძის მხრიდან ბოდიშის მოხდას ითხოვდა იმ განცხადების გამო, რომელიც მან ცალკეულ სტუდენტებთან მიმართებით გააკეთა. სწორედ, ამ დაპირისპირების დროს დაშავდა სტუდენტი ლუკა შველიძე, რომელიც ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. თსუ-ში მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული სტუდენტი, ლუკა შველიძე აღნიშნავდა, რომ მის პალატაში იარაღიანი მამაკაცი შევიდა. ლუკა შველიძე აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი მას პოლიციის თანამშრომლად გაეცნო. როგორც ის განმარტავდა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო და მას დაკავებითაც დაემუქრა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა