გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის, ფსიქოლოგიისა და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის საგანმანათლებლო პროგრამების წარჩინებული სტუდენტები - მარიამ მექვაბიძე, მარიამ ბრეგვაძე და ვახო ბაბუნაშვილი გერმანიის საერთაშორისო სემინარებიდან დაბრუნდნენ.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ერთკვირიან საერთაშორისო პროექტში გრუნის სტუდენტები ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“ მხარდაჭერით ჩაერთნენ და შშმ პირებთან ურთიერთობისა და საზოგადოებაში მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის თაობაზე დიდი გამოცდილებაც შეიძინეს.
„პროექტის მონაწილეები სტუმრობდნენ ბერლინის შშმ პირებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელსა და სკოლას „Johannesstift“-ს, აგრეთვე, ოლიმპიურ სტადიონს; გაეცნენ თანატოლების ყოველდღიურობას და მოინახულეს, როგორაა ადაპტირებული სტადიონი შშმ პირებისთვის. მასპინძლებმა სტუმრები ქალაქის მერიაში, ვახშამზეც მიიწვიეს.
სტუდენტებმა იმოგზაურეს ქალაქ პოტსდამშიც, მოინახულეს სკოლა Oberstufenzentrum Johanna Just, სკოლის ადმინისტრაციამ მონაწილეებს სიურპრიზად კაიაკის ტურიც მოუწყო.
ორგანიზაციის ოფისში გამართულ საერთაშორისო საღამოზე, ქართველმა სტუდენტებმა ტრადიციული ქართული ღვინო და ტკბილეულობა შესთავაზეს უცხოელ მეგობრებს, ასევე, ისაუბრეს პროექტზე და მის სამომავლო პერსპექტივებზე.
პროექტის დახურვა გაიმართა ევროპის კომისიის ბერლინის ოფისში (European house in Berlin), სადაც მონაწილეებმა, როგორც საპატიო სტუმრებმა, ერასმუსისგან სერტიფიკატები მიიღეს, ხოლო ფინანსთა მინისტრისგან - სამახსოვრო ბარათები.
სემინარი სახელწოდებით We Share It სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ და მასპინძლობდა ასოციაცია GEB-ის წარმომადგენელი, ნინა მალინინა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.