საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ქვეყნის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში პირველად, გამოყენებითი ფიზიკის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას - „სინათლისა და მატერიის კავშირის ფიზიკა ნანოსტრუქტურებში - PLMCN 2024“ (International Conference on Physics of Light-Matter Coupling in Nanostructures) 2024 წლის აპრილში უმასპინძლებს.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის (MIFP - რომი, იტალია) პრეზიდენტს, დოქტორ ჯუზეპე ერამოს შეხვდა და მასთან ერთად, გამოყენებითი ფიზიკის, ნანოტექნოლოგიებისა და ნანოსტრუქტურების თემატიკაზე ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის მოწყობის საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ სტუ-ის მეცნიერებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით თავხელიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, რექტორის მრჩევლები მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხებში - პროფესორი ზურაბ გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრის - ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტისა და მისი პრეზიდენტის ინიციატივა, მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართვის თაობაზე, უპრეცედენტო და რეზონანსულია, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე, საქართველოსთვის და განუხრელად ზრდის არა მხოლოდ კვლევების ინტერნაციონალიზაციის პერსპექტივებს, არამედ მასპინძელი ქვეყნისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხილვადობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

„სასიხარულოა ევროპის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრის - MIFP-ისა და მისი პრეზიდენტის, დოქტორ ჯუზეპე ერამოს ინიციატივა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, კერძოდ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გამოყენებითი ფიზიკის მიმართულებით, მაღალი რანგის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას ეხება. ამ გადაწყვეტილების წინაპირობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და MIFP-ს შორის მრავალწლიანი ნაყოფიერი სამეცნიერო კოლაბორაციაა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ვიმსჯელეთ საორგანიზაციო საკითხებზე, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ PLMCN 2024“-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალი წლის აპრილში უმასპინძლებს. მსოფლიოს ცნობილ მეცნიერებთან ერთად, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-ფიზიკოსები, ახალგაზრდა მკვლევრები და დოქტორანტები, რომლებიც წარმატებით მონაწილეობენ არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, აგრეთვე, CERN-ში, იაპონიის KEK-სა და J-PARC-ში, ამერიკის Fermilab-ში მიმდინარე გლობალურ ექსპერიმენტებში. საერთაშორისო კონფერენციაში, ასევე, ჩაერთვებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მეცნიერები, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მკვლევრები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2024 წლის 20-25 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სივრცეში ასევე პირველად, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული, ჰეგელის 35-ე საერთაშორისო კონგრესი გაიმართება. ის საიუბილეო იქნება და ამ პრესტიჟული სამეცნიერო ღონისძიების დაარსებიდან 70 წლისთავს მიეძღვნება.

მსგავსი სამეცნიერო ღონისძიებების ჩატარება უმნიშვნელოვანესია უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, უაღრესად დასაფასებელია ის მხარდაჭერა და ქმედითი ნაბიჯები, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და პირადად, მინისტრი გიორგი ამილახვარი. ეს ერთიანი ძალისხმევაა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ქვეყანაში კვლევითი იდეების გენერირებას, თავისუფალი სამეცნიერო საზოგადოების ფორმირებას და ამასთანავე, ზრდის უნივერსიტეტისა და ჩვენი ახალგაზრდა მკვლევრების ცნობადობას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, უქმნის მათ შესაძლებლობას, რომ კვლევების შედეგები მსოფლიოში აღიარებულ მეცნიერებს წარუდგინონ და სამეცნიერო პროექტებზე მუშაობა მათთან კოლაბორაციით გააგრძელონ“, - განაცხადა რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.

როგორც ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტის პრეზიდენტმა, დოქტორმა ჯუზეპე ერამომ აღნიშნა, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - PLMCN 2024-ი, რომელიც მომავალი წლის აპრილში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება, მიზნად ისახავს, მსოფლიოს წამყვანმა მეცნიერებმა, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის ჩართულობით, საერთაშორისო საზოგადოებას მეცნიერებაში ახალი ხედვები გაუზიარონ. MIFP-ის პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ნობელის პრემიის ლაურეატი ოთხი მეცნიერი, რომლებიც მნიშვნელოვან კვლევებს ახორციელებენ ფუნდამენტური ფიზიკის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტში, და ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიდევ ერთი, უდავოდ დიდი აღიარებაა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა