საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, მოვაჭრის მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეში, მოვაჭრე, ფეისბუქ მაღაზია „Best Shop ბესთ შოპი“ მომხმარებელს საქონელს, მოჩვენებითად, დროის მცირე მონაკვეთში, ყალბი ათვლის ქრონომეტრების (დროის უკუმთვლელი) საშუალებით, სპეციალურ ფასად სთავაზობს. კერძოდ, ნივთის სააქციო ფასად შესაძენად განსაზღვრულია 24 საათიანი ვადა, თუმცა, შეთავაზება კვლავ გრძელდება მომდევნო დღეს და ქრონომეტრი თავიდან იწყებს უკუთვლას.
სააგენტოს შეფასებით, მოვაჭრის მხრიდან ცრუ განცხადების, რომ საქონელზე განსაკუთრებული პირობები მხოლოდ დროის მცირე მონაკვეთში იმოქმედებს, მიზანია, მომხმარებელმა მყისიერი გადაწყვეტილება მიიღოს და არ მიეცეს საკმარისი დრო ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.
„ამ სტრატეგიას შეუძლია მომხმარებელი შეაცდინოს. სამართლებრივად, აღნიშნული ქმედება მოიაზრება როგორც „ცრუ გადაუდებლობა“ – Fake Urgency, როცა მომხმარებელი დროის ზეწოლის ქვეშ იმყოფება და ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად ნაკლები დრო აქვს.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, კონკურენციის სააგენტომ დროში შეზღუდული შეთავაზების სტანდარტი დაადგინა. სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზანია მანიპულაციური მარკეტინგული ხრიკის-შეცდომაში შემყვანი სპეციალური კომერციული შეთავაზების დროის ყალბი უკუმთვლელის, როგორც უსამართლო კომერციული საქმიანობის პრევენცია.
ასევე, სააგენტოს პოზიციით - მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკა მომხმარებლის ინფორმირებულობის ნაწილშიც არ არის კანონის ნორმებთან შესაბამისობაში. კერძოდ: 1. ინფორმაცია არ არის მიწოდებული საქართველოს სახელმწიფო ენაზე; 2. არ მოიცავს საქონლის ან მომსახურების დასახელებას და შესაბამისი არსებით მახასიათებლებს 3. არ არის ინფორმაცია კანონისმიერი გარანტიის (კომერციული - არსებობის შემთხვევაში), ნივთის შეცვლა/შეკეთება, ფასის შემცირებისა და ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და თავისი სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს“, - ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.