სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმართა ესკორტირების მეტი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გაატარა რეფორმა, რომლის შედეგადაც ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახლად გახსნილი ცენტრის ფუნქციონირების დეტალებს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ცხვარაშვილი ადგილზე გაეცნენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ცენტრი რადიოსიხშირისა და GPS ნავიგაციის უახლესი და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა ოპერატიულად, ეფექტიანად და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით განხორციელდეს, როგორც მსჯავრდებულთა გადაადგილება, ასევე ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა მუშაობაც.
„ესკორტირების ერთიანი მართვის ცენტრში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პენიტენციურმა სამსახურმა კომფორტული სამუშაო გარემო უზრუნველყო და თანამშრომელთათვის მოსასვენებელი სივრცეც გამოყო, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის პრიორიტეტულია როგორც პატიმართა პირობების გაუმჯობესება, ასევე თანამშრომელთა ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, სამსახური არაერთ რეფორმასა თუ პროექტს ახორციელებს, რომელიც სამსახურის საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.