ირაკლი ქარსელაძემ სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ, სომხეთის ეროვნული ასამბლეის ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხეთის ეროვნული ასამბლეის დელეგაცია, ტერიტორიული ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ვაჰე ღალუმიანის, ხელმძღვანელობით, საქართველოში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციაში შედიან ამავე კომიტეტის წევრები - დავით დანელიანი, გარნიკ დანელიანი.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მეზობელ ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სხვადასხვა სფეროში დაგროვილი გამოცდილების ურთიერთგაზიარების საჭიროებას გაუსვეს ხაზი.

ირაკლი ქარსელაძემ სტუმრებს საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე საგზაო, წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების მართვის, საგანმანათლებლო თუ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და ურბანული განახლების პროექტების განვითარების პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა საქართველოში წარმატებით მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესზე, რეგიონების ინსტიტუციური, ფინანსური და დამოუკიდებლობისთვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგებზე, მთიანი დასახლებების მხარდაჭერისათვის გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს საქმიანობის სხვა მიმართულებებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის და საერთაშორისო მაგისტრალური საავტომობილო გზების განვითარების მნიშვნელობას.

სომხეთის დელეგაციის წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების მნიშვნელობასა და პროგრესს. ასევე, ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვეს და ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად, სადახლოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ერთობლივად აშენებული ახალი საავტომობილო ხიდი დაასახელეს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი, თამარ ახვლედიანი, სომხეთის ეროვნული ასამბლეის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი, გოჰარ მანუკიანი და სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, აშოტ სმბატიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს