ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯადაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, დოკუმენტი ადრეული ასაკის ბავშვთა ზრუნვის სფეროში, ეროვნული პოლიტიკის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ და ჩეხეთის საელჩოს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა იანა ზელინგროვამ.
„პროექტი „ბავშვთა ადრეული განვითარების და ინკლუზიური სერვისების განვითარება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის საქართველოში” ახალი სპეციალისტების მომზადებას, ადრეული ასაკის ბავშვთა სერვისების განვითარებასა და სერვისის მიმწოდებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას გულისხმობს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ადრეული ასაკის ბავშვთა მოვლისა და ინკლუზიური განათლების არსებული პოლიტიკის ანალიზზე იმუშავებს.
პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.