საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორიაში, ამავე ფაკულტეტის სტუდენტებმა წყლისა და ნიადაგის ხარისხი გამოიკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, სასწავლო ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევაში, შესაბამისი მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების, სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ.
სტუ-ის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორის, ნინო მებონიას განცხადებით, სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის ლაბორატორია საქართველოსა და სამხრეთ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიაა, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და სადაც სტუდენტებს საშუალება აქვთ, თეორიული განათლების მიღების პარალელურად, ლაბორატორიული ცდები და კვლევები ჩაატარონ, რაც მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი პირობაა.
„ლაბორატორია 2016 წელს გაიხსნა. ის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და შესაბამისად, ევროპული სტანდარტს შეესაბამება. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო ლაბორატორიაა. აქ საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურის სტუდენტები, სითხეების მოძრაობის კანონების შესაბამისად, ცდებს ატარებენ და იკვლევენ, რამდენად ინარჩუნებს წყალი თვისებებს სხვადასხვა არხში მოძრაობისას. რასაც ჩვენ თეორიაში ვასწავლით, პრაქტიკაში უფრო თვალსაჩინო ხდება. გარდა წყლისა, სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორიაში, სტუდენტები ნიადაგსაც იკვლევენ. ცოტა ხნის წინ, სტუდენტთა მორიგმა ნაკადმა წყლისა და ნიადაგის კვლევა დაასრულა და რაკი, ცდები სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, შედეგები მხოლოდ მათ ნამუშევრებში აისახება“, - აცხადებს ნინო მებონია.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სითხეების მექანიკისა და ჰიდრავლიკის სასწავლო ლაბორატორიაში, სტუდენტები ისეთ მნიშვნელოვან ცდებს ატარებენ, როგორიცაა, არხში წყლის მოძრაობისას წარმოქმნილი წინაღობებისას, სხვადასხვა ჭრილის მოძრაობისას და მიწოდების სიჩქარისას რა პრობლემები წარმოიქმნება და დანიშნულების ადგილამდე რამდენად ჯანსაღი მიდის. ასევე, სტუდენტები იკვლევენ ლიმანურ თუ დაწვიმებითი მორწყვისას ნიადაგი რამდენად შეესაბამება არსებულ ნარგავებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.