18 ივლისს, 12:00 საათზე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (მის.: ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, მე-5 შესახვევი, K კორპუსი) ინოვაციების და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა იხსნება. ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, უკვე მესამე წელია ახორციელებს.
„წელს პროექტში 60-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას. ახალგაზრდებს KIU-ს კამპუსში ინტენსიური და საინტერესო სამუშაო პროცესი ელოდებათ. სტუდენტები, პროექტის ორგანიზატორებისა და მენტორების ჩართულობით, ზაფხულის განმავლობაში იმუშავებენ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით, დაამუშავებენ ახალ იდეებს, მოახდენენ გუნდების ფორმირებას კონკრეტული სტარტაპების პროექტების შემუშაებას და ფინალურ ეტაპზე, ჟიურის ფიჩინგის სესიის დროს, საბოლოო პროექტებს წარუდგენენ. საუკეთესო პროექტის ავტორი სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება.
ინოვაციებისა და სტარტაპ აქსელერაციის საზაფხულო სკოლა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2021 წლიდან იმართება. ორი წლის განმავლობაში 150-მდე ახალგაზრდამ მასში მონაწილეობა მიიღო და შედეგად, KIU-ს სტუდენტემა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი შექმნეს და სხვადასხვა წყაროდან დაფინანსებაც მოიპოვეს. პროექტის ფარგლებში სტუდენტების მიერ ინიცირებული ათობით სტარტაპ იდეა განხორციელდა.
წელს, ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით, KIU-ს სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ანტრეპრენერ ნიკოლოზ გოგოჭურის ავტორობით, სტარტაპების შენების კურსი გაიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ინოვაციური აზროვნების, „იდეაციისა“ და სტარტაპის შენების ძირითადი უნარები გაიღრმავონ და სტარტაპის საწყისი ეტაპის წარმართვის პრაქტიკული გამოცდილება შეიძინონ.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების (GITA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წელს გაფორმდა, რომლის ფარგლებში GITA თანამშრომლობს უნივერსიტეტთან ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების მიზნით და მასთან ერთად სხვადასხვა ინოვაციურ პროექტზე მუშაობს.
ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით, ტელ.: +995 593 26 06 09, ელფოსტა: pr@kiu.edu.ge, www.kiu.edu.ge,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.