„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობისა და რასიზმის შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიას მართავს, სადაც აღნიშნულ თემაზე 2022 წლის ანგარიშის მთავარ მიგნებებს წარადგენენ.
„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" დირექტორის, ეკა ჭითანავას განცხადებით, სახელმწიფოს უკრაინელი და რუსი მოქალაქეების მიმართ ერთიანი სტრატეგია და პოლიტიკა არ გააჩნია.
„კვლევამ გამოკვეთა, რომ უკრაინელი მოქალაქეების უფლებების დაცვისთვის, სახელმწიფოს ერთიანი სტრატეგია და პოლიტიკა არ აქვს. მათ ძალიან ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აქვთ, მიუხედავად იმ დახმარებისა, რაც სახელმწიფომ და კერძო სექტორმა საქართველოში შემოსვლის პირველი დღიდან აღმოუჩინა. ასევე, ის თანხა, რასაც სახელმწიფო მათ აძლევს, მინიმალური საცხოვრისისთვის საკმარისი არ არის. რაც შეეხება, რუსეთის მოქალაქეების მიმართ პოლიტიკას, სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს, რომ სახელმწიფოს მათ მიმართ ჩამოყალიბებული საიმიგრაციო პოლიტიკა ჰქონდეს. ამ საკითხებზე სახელმწიფოს პასუხები ჯერ არ გაუცია",- განაცხადა ეკა ჭითანავამ.
გარდა ამისა, მისივე განცხადებით, საქართველოს საზღვარზე ხშირად ფიქსირდება დისკრიმინაციის ნიშნები, რის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს „უარს დაუსაბუთებლად ეუბნებიან ქვეყანაში შემოსვლაზე“.
„ბინადრობის ნებართვის მინიჭების და საზღვრის კვეთის სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევები გაზრდილია. აქაც არის პრობლემები, მაგალითად, ჩრდილოკავკასიელების სავარაუდო დისკრიმინაცია. იყო შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქე ჩრდილოკავკასიელები საზღვარზე ვერ გადმოდიოდნენ, დაუსაბუთებლად უკან აბრუნებდნენ და სავარაუდოდ, მოტივი დისკრიმინაცია იყო მათი რელიგიის, ეთნოსის, წარმოშობის მიმართ. მაგალითად, მუსლიმ ქალს, რომელიც უკან გააბრუნეს, კითხვებს უსვამდნენ, როდის და რატომ გახდა მუსლიმი, ვინაა მისი ქმარი და ა.შ. ეს კითხვები მიგვანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას. ხშირ შემთხვევაში, ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია, რა არის მათი საზღვრიდან გაბრუნების მიზეზი და მოტივი.
ბოლო წლებში, საჯარო უწყებები, აბსოლუტურად დახურული და ჩაკეტილი იყო. ეს ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაში და მუშაობაში ხელს გვიშლის, იმისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა შევაფასოთ, თუნდაც ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით",- განაცხადა ეკა ჭითანავამ.