ასოციაცია „დევნილები დევნილებისათვის“ იუსტიციის სახლის წინ საპროტესტო აქციას მართავს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ემიგრანტებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების გამარტივებაა.
მათივე თქმით, საქართველოში დაბადებულ და ეროვნებით ქართველ ადამიანებს მოქალაქეობის მისაღებად გამოცდების ჩაბარება არ უნდა უწევდეთ.
ასოციაცია “დევნილები დევნილებისათვის” თავმჯდომარის, ირაკლი ტორუას განცხადებით, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მოქალაქეობაზე უარი 5000-მდე დევნილს უთხრეს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-17 მუხლი შეიცვალოს. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში დაბრუნების მსურველებს გამოცდის ჩაბარების აუცილებლობა მოეხსნათ. მათ საქართველოს მოქალაქეობა უგამოცდოდ უნდა მიიღონ. გარდა ამისა, ადამიანებს, რომლებიც გამოცდებს კარგად აბარებენ, ზოგჯერ მაინც უარს ეუბნებიან. მოქალაქეობას არც ომის ვეტერანებსა და სხვადასხვა სფეროს ღვაწლმოსილ ადამიანებს აძლევენ. რატომღაც, კომისია ყველას უარს ეუბნება. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5000-მდე დევნილს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს”, - განაცხადა ირაკლი ტურუამ.
ასოციაცია “დევნილები დევნილებისთვის” თანადამფუძნებლის, ინგა ახალაიას თქმით, სირცხვილია, აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტს მოქალაქეობაზე უარი უთხრან მაშინ, როდესაც ქვეყანაში რუსები ჩამოდიან და ცხოვრებისთვის ყველანაირი პირობა ექმნებათ.
„ძირითადი თემა, რის გამოც დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ემიგრანტების მოქალაქეობის საკითხია. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველები წარმატებით აბარებენ გამოცდებს და კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, კომისია მათ მოქალაქეობაზე მაინც უარს ეუბნება. მოქალაქეებს ორი - მე-16 და 29-ე მუხლით უარყოფენ. მე-16 მუხლში წერია, რომ ადამიანი ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მართლა სირცხვილია, აფხაზეთიდან დევნილ ემიგრანტს ამ მოტივით უთხრან უარი, როდესაც ქვეყანაში რუსები ჩამოდიან და ყველანაირი პირობა ექმნებათ ცხოვრებისთვის. 90-იანი წლებიდან აფხაზეთიდან დევნილები მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში იყვნენ მიმოფანტულები. ახლა დაბრუნებას ცდილობენ, მაგრამ დამსახურებულ ვეტერანებს, სხვადასხვა სპორტის დამსახურებულ მოღვაწეებსაც კი არ აძლევენ მოქალაქეობას. თუ აღიარებენ, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ამ ემიგრანტებს პრობლემა რატომ უნდა ექმნებოდეთ? ისინი საქართველოში დაიბადნენ და ეროვნებითაც ქართველები არიან. გარდა ამისა, ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნის დემოგრაფია სავალალო მდგომარეობაშია და ამის ფონზე აუცილებელია, ქართველ ემიგრანტებს ქვეყანაში დაბრუნებისთვის ყველა პირობა უნდა ჰქონდეთ”, - აღნიშნა ინგა ახალაიამ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ბრძოლას არ ასრულებენ და დღევანდელი პროტესტი თუ შედეგს არ გამოიღებს, აქციები პარლამენტის შენობასთან გაგრძელდება.