საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტის „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის“ განხორციელება დაიწყო.
ფერმერთა ასოციაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ექვსთვიანი პროექტი ბენეფიციარებს დაეხმარება საჭიროებებზე დაფუძნებული სერვისების გამოყენებით გაზარდონ საკუთარი ბიზნესი, მიიღონ საინვესტიციო დაფინანსება და დანერგონ შემოსავლების ზრდაზე ორიენტირებული ბიზნეს-მოდელები.
პროექტი საქართველოს სამ რეგიონს (კახეთი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი) მოიცავს და ფარავს მეცხოველეობის, რძის პროდუქტებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით მომუშავე ფერმერებს.
„მოხარულები ვართ, რომ კიდევ ერთი ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც ხელშესახები პოზიტიური ეფექტი ექნება. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სექტორისთვის და განსაკუთრებით კი აგრო მიმართულებით, სადაც ამ მხრივ გაუმჯობესების კიდევ უფრო მეტი საჭიროებაა. ახალი პროექტის მიზანია, ფინანსური სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებსა და ფერმერებს შორის ამაღლდეს კომუნიკაციის ხარისხი, რითაც მცირე და საშუალო მეურნეობების მფლობელებს შეუმსუბუქდებათ დაფინანსების წყაროების მოძიებასთან დაკავშირებული ტვირთი. ასევე მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ ფერმერებს თავიანთ საქმიანობაში ეფექტიანად გამოიყენონ მდგრადი ფინანსური და აღრიცხვის მოდელები, ხოლო მეორე მხრივ, დავეხმაროთ ფინანსური სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, დანერგონ ფერმერებზე მორგებული სერვისები და გაამარტივონ პროცედურები“, - განაცხადა საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ თორიამ.
საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ პროექტი - „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე სასოფლო მეურნეობებისთვის“ RSMEDP პროექტთან პარტნიორობით დაიწყო. რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი (RSMEDP) დაფინანსებულია შვეიცარიის თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ, რომელსაც Swisscontact კონსორციუმი Mercy Corps Europe-თან და Springfield Centre-თან ერთად ახორციელებს.