საქართველოს ბიზნესასოციაცია ზრდას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს, ამჯერად BAG-ის კომპანია „მეგობრობა“ შეუერთდა, რომელიც 2005 წელს დაარსდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნესასოციაცია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, თავდაპირველად, კომპანია ალუმინის და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის დამზადებაზე მუშაობდა, თუმცა დღეს, მრავალპროფილურ საწარმოს წარმოადგენს და მომხმარებელს 100-ამდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს.
ბიზნესასოციაციის ცნობითვე, საქართველოს მასშტაბით კომპანიას ათასობით წარმატებით შესრულებული პროექტი აქვს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს „მეგობრობამ“ საზღვარგარეთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი განახორციელა, კერძოდ კი, კანადაში გაიგზავნა და დამონტაჟდა კომპანიის საწარმოში შექმნილი ალუმინის საფასადე და შემინვის სისტემები, რომელიც საერთაშორისო ნორმებს სრულად აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლიდან კომპანიამ სამშენებლო და დეველოპერული საქმიანობა დაიწყო და დღესდღეობით აქვს ათეულობით წარმატებით მიმდინარე და დასრულებული [პროექტი], რისი დასტურიც ათასობით შესახლებული ოჯახია.
გამორჩეულ პროექტებს შორისაა პრემიუმ კლასის საცხოვრებელი სახლი M Tower ორთაჭალა, რომლის მშენებლობაც „მეგობრობამ“ 2022 წელს დაიწყო და რამდენიმე წელში, დედაქალაქს კიდევ ერთი დახვეწილი არქიტექტურული ნამუშევარი შეემატება.
„საქართველოს ბიზნესასოციაცია აქტიურ ზრდას განაგრძობს, რაც კიდევ უფრო გვაძლიერებს, რადგან ბიზნესის ერთიანი და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვანია ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისთვის. მივესალმებით კომპანია „მეგობრობას“ საქართველოს ბიზნესასოციაციის დიდ ოჯახში, მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა და წინ ბევრი საინტერესო პროექტი გველოდება“,- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.