სამების საკათედრო ტაძარში, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
უგზო-უკვლოდ დაკარგული პირები ამოცნობილ იქნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დახმარებით.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების საკითხებზე ICRC-ის მხარდაჭერითა და აფხაზი და ქართველი მონაწილეების ჩართულობით მომუშავე ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში. ამ პირების ნეშტები აფხაზეთში სხვადასხვა ლოკაციაზე იქნა მოძიებული.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 19 ივლისს გამართულ შეხვედრაზე ოჯახებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ ინფორმაცია მათი ახლობლების მოძიების, ექსჰუმაციისა და ამოცნობის პროცესის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, სასამართლო-სამედიცინო ექსპრეტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და ICRC-ის ექსპერტები.
ინფორმაციისთვის, 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით მომუშავე საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ (2010 წ.) მოძიებულია და ოჯახებს გადაეცა 228 ადამიანის ნეშტი.
დღეისათვის, 1928 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება დაკარგულად 1992-1993 წლების შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით.