„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მმართველი კომპანიის „აქუალიას“ წარმომადგენლებმა მედიასთან პირველი საჯარო შეხვედრა გამართეს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი მმართველი კომპანიის „აქუალიას“ წარმომადგენლებმა პირველი საჯარო შეხვედრა გამართეს.

მედიასთან GGU ჯგუფის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა და კომპანიის განვითარების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ ევროპული გამოცდილების მქონე ინვესტორის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობაზე, “ჯივიპიში” მიმდინარე ცვლილებებისა და სამომავლო ხედვის შესახებ ისაუბრეს.

“უწყვეტი და ხარისხიანი წყალმომარაგება ჩვენ მომხმარებელს - ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც Aqualia-ს სამომავლო გეგმა და თითოეული ნაბიჯი ემსახურება! ამჟამად, ჩვენ 18 სხვადასხვა ქვეყანაში 43 მილიონზე მეტ ადამიანს ვემსახურებით, მათ შორის - საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში და ახლა, უკვე საქართველოში.

თბილისში, ბაზარზე შემოსვლისთანავე დავიწყეთ არსებული წყალმომარაგების სისტემისა და მისი პრობლემების დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი. ჩვენ გვაქვს ცოდნა და გამოცდილება, როგორ მოვაგვაროთ ამ სფეროში არსებული პრობლემები. განვავითაროთ სისტემა, დავნერგოთ ახალი ტექნოლოგიები, გადავამზადოთ კადრები, შევქმნათ ხარისხის მონიტორინგის სისტემა და გავმართოთ კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ აქტიური ფაზის დაწყებამდე არსებული ინფორმაცია, არ იყო საკმარისი, შესაბამისად მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ სისტემის დეტალურ ანალიზს. ამჯერად ჩვენი კომპეტენცია, გამოცდილება და ყველა საჭირო რესურსი „ჯივიპის“ და მისი სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული”, - განაცხადა “ჯივიპის”გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოს გონსალესმა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განვითარების დირექტორის, ზურაბ ალფაიძის განცხადებით, ახალი ინვესტორის მიერ სისტემის სრულფასოვანი კვლევისა და ანალიზის დასრულებისთანავე, კომპანია წარმოადგენს დასკვნას, რომლის საფუძველზე მზადდება თბილისისა და რუსთავის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის ოპერატიული და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა.

“Aqualia ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” შეიძინა. კომპანიაში ახალი ინვესტორის შემოსვლისთანავე დაიწყო სისტემის მდგომარეობის სიღრმისეული შესწავლა და აუდიტი. წლების განმავლობაში სისტემის ასეთი დეტალური შესწავლა არ მომხდარა. თითოეული ქუჩის დონეზე მიმდინარეობს პრობლემების იდენტიფიცირება. მოგეხსენებათ, სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვმართავთ სისტემას, რომლის ნებისმიერი პრობლემა მყისიერად ისახება უამრავ ადამიანზე. სწორედ ამიტომ, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დარგობრივი ინვესტორის როლი თბილისის წყალმომარაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” განვითარების დირექტორმა, ზურაბ ალფაიძემ.

ცნობისთვის, Aqualia „ჯივიპის“ ისტორიაში პირველი დარგობრივი ინვესტორია, რომელიც წყალმომარაგების მიმართულებით ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში - მეცხრეა.

Aqualia ესპანეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონ მომხმარებელს უწევს წყალმომარაგებისა და წყალანირების მომსახურებას. 2022 წელს Aqualia მსოფლიოში საუკეთესო წყლის სერვისის მმართველ კომპანიად დასახელდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს