საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურ მდივანს მიშელ ვიონს და საერთაშორისო ექსპერტებს შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „ემ თი ეის“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა და კომპანია „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი.
„შეხვედრაზე FIS-ის მხრიდან კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოებს ზამთრის კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის და და აღინიშნა, რომ ბაკურიანში წარმატებით ჩატარებულმა ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატმა დაამტკიცა, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირებს და ყოველმხრივ მზად არის ზამთრის ტურნირების მსოფლიო კალენდრის საპატიო წევრობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში შპს „ემ თი ეის“, საქართველოს სათხილამურო ფედერაციასა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციას (FIS) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საქართველოში, კერძოდ სვანეთში ოთხსეზონიანი სასწავლო /საწვრთვნელი ბაზების პროექტზე მუშაობის დაწყება. პროექტი პირველ ეტაპზე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ტექნიკური კვლევების ჩატარებას ითვალისწინებს.
აღსანიშნია, რომ 2023 წლის მარტში, ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის დროს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) პრეზიდენტმა იოჰან ელიაშმა ორმხრივი ინტერესი გამოთქვეს ოთხსეზონიანი სასწავლო/საწვრთნელი ბაზების შექმნის შესახებ, ვინაიდან სვანეთს აქვს უდიდესი პოტენციალი, შესთავაზოს სხვადასხვა გუნდებს სავარჯიშო პირობები FIS-ის უმეტეს დისციპლინებში - როგორც სათხილამურო სპორტის, ისე ფრისტაილის სახეობებში (თავისუფალი სტილით სრიალი), ზაფხულიდან შემოდგომამდე.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ემ თი ეის“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კოსტავამ და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გენერალურმა მდივანმა მიშელ ვიონმა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე ესტუმრნენ სვანეთს, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა და არეალები დაათვალიერეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"