შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა აგლაძის ქუჩა N10, N14 და N16ა-ში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში დასუფთავების ღონისძიება ჩაატარეს. ტერიტორია როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სამშენებლო ნარჩენისგან გაიწმინდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად გაეცნო.
„გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ ჩვენს ქალაქს, ნუ დავანაგვიანებთ რეკრეაციულ სივრცეებს. ასეთ ადგილებში საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენის დაყრა დაუშვებელია. მსგავსი პრობლემების მოგვარებას მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით შევძლებთ“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ.
დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 25 თანამშრომელი და კომპანიის სპეცტექნიკა.