ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეში ბრალდებული ადვოკატის უფლებადამცველი - მანუჩარ ზოიძეს ირიბი შემხებლობაც არ აქვს ჩამოთვლილ დანაშაულებთან - ეს არის პროკურატურის ფანტაზიის ნაყოფი

ნარკორეალიზატორების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმეში ბრალდებულის მანუჩარ ზოიძის ადვოკატის გიორგი ბერიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ირიბი შემხებლობაც კი არ აქვს ნარკოტიკების გასაღებასა და სხვა ჩამოთვლილ დანაშაულებთან.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება პროკურატურის ფანტაზიის ნაყოფია.

„პროკურატურის პოზიცია გასაგებია, მაგრამ მიუღებელია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ირიბი შემხებლობაც კი არ აქვს გასაღებასთან და სხვა ჩამოთვლილ დანაშაულებთან. ეს არის პროკურატურის სრული ფანტაზიის ნაყოფი, აბსოლუტურად სუბიექტური შეხედულება და პრაგმატული პოზიციიდან დაცლილი. მტკიცებულებითი ხასიათის მიდგომები საერთოდ არ არის. საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ვარაუდები. ბრალდების მხარე საუბრობდა მხოლოდ „მგონიათი“ და „მიმაჩნიათი“. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის მოქმედი ადვოკატი და ხალხს უწევდა იურიდიულ დახმარებას, ბუნებრივიც იყო ეს. ბრალდების მხარე ცდილობს დამიმტკიცოს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი რაღაც ფულს „ათეთრებდა“, ნარკოტიკს ასაღებდა და მაფიასთან ურთიერთობდა. მითხრან ერთი მტკიცებულება მაინც, რომლის მიხედვითაც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა იცოდა, რომ ეს იყო „შავი ფული“. მისი მოვალეობა იყო ბანკში გასარკვევი, იურიდიული თემატიკის საკითხები იყო მოსაგვარებელი. ბანკში იმიტომ მივიდა, რომ ფულის გატანაზე იყო პრობლემა. იურიდიული მომსახურება გაუწია, ბანკში მოაგვარა საკითხები და ეს ფულიც გადაურიცხა. ამ საქმეში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ხელის დადება არასწორია“, - განაცხადა გიორგი ბერიძემ.

ცნობისთვის, ნარკორეალიზატორების - ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულებს, მათ შორის, ადვოკატებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებისა და ძებნაში მყოფი პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა