ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს, რასაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმებით. დოკუმენტში დააფიქსირეს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს სახურავი გარემონტდა, თუმცა რომ შეხედავდი საავადმყოფოს, აშკარა იყო, ჰქონდა თუ არა მას სახურავი - არ ჰქონდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი თანამშრომლების საქმის პროკურორმა ლაშა ფანჩულაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბრალდებულების ქმედებები განზრახი იყო.
"ბრალდებულებმა გააყალბეს დოკუმენტები, კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტები, შესრულებული სამუშაოს აქტები, ე.წ. ფორმალობები, ასევე ინსპექტირების დასკვნები, მათ შესრულებული სამუშაოს მოცულობები 750 000 ლარით გაზარდეს. აღნიშნულიდან 220 000 ლარს დაეუფლნენ, ხოლო 530 000 ლარის დაუფლება სცადეს. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გაზრდა უნდა მომხდარიყო, მათ რემონტი ოთხ სართულზე ჩაატარეს, უბრალოდ უხარისხოდ ჩაატარეს, რისი მიზანიც დარჩენილი თანხის დაუფლება იყო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდა, რის შედეგადაც დადგინდა, რომ გარკვეული სამშენებლო სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ, სამუშაოების ნაწილი კი საერთოდ არ იყო ჩატარებული.
ორი ხელშეკრულება იყო, ერთი იყო ოთხი სართულის გარემონტებაზე საწოლფონდის გაზრდის მიზნით, ეს იყო 3-მლნ ხელშეკრულება, მეორე ხელშეკრულება იყო 450 000 ლარზე, მათ შორის, სახურავის რემონტზე.
ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ მათ ეს დანაშაული გაუფრთხილებლობით ჩაიდინეს, თუმცა, ბრალდების მხარე ამას კატეგორიულად ვერ დაეთანხმება. როცა დოკუმენტში აფიქსირებ, რომ თუნდაც, რესპუბლიკურ საავადმყოფოს გაურემონტდა სახურავი, აშკარაა, რომ შეხედავდი, ჰქონდა თუ არა საავადმყოფოს სახურავი - არ ჰქონდა. შესაბამისად, ეს განზრახი დანაშაულია", - განაცხადა ფანჩულიძემ.
ცნობისთვის, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულებს,
რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო დღეს შეეფარდათ. კერძოდ, ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.