რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის ადვოკატი აცხადებს, რომ აკაკი ნოზაძემ დოკუმენტებს ხელი მითითების შედეგად მოაწერა

რესპუბლიკური საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველის, სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე ბრალდებულ აკაკი ნოზაძის ადვოკატის, ოთარ კაჭკაჭაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დოკუმენტებს ხელი გარკვეული მითითების შედეგად მოაწერა.

ადვოკატი არ განმარტავს, თუ ვისგან მიიღო ნოზაძემ დაუსრულებელ სამუშაოზე ხელის მოწერის მითითება.

კაჭკაჭაშვილი აცხადებს, რომ „ეს ჯერ კიდევ დასადგენია, თუ ვისი დავალებებით და როგორ მოქმედებდა ბრალდებული“.

„აკაკი ნოზაძე იმ სამსახურში 1 თვის მისული იყო, როცა გარკვეული ტიპის მითითება მიიღო ხელის მოწერასთან დაკავშირებით, ის თავის სამუშაო განრიგში წესიერად არ იყო ადაპტირებული, შეცდომა მოხდა, ამან გამოიწვია მისი პასუხისგებაში მიცემა... ის აქტი, რასაც მითითებით ხელი მოაწერა, გარკვეული სამუშაოების დასრულებას ეხებოდა, დეტალები სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან გაირკვევა“, - აცხადებს ადვოკატი.

ცნობისთვის, ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და სამსახურებრივ სიყალბეში ბრალდებულებს, რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ თანამშრომლებს - ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ამავე კლინიკის ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კერძო კომპანიის ყოფილ დირექტორის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო დღეს შეეფარდათ. კერძოდ, ზურაბ ამაშუკელს, ალექსანდრე ბელოუსოვს და აკაკი ნოზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5-000 5000-ლარიანი გირაო, თენგიზ არჩვაძეს კი 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. შეგახსენებთ იმასაც, რომ შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, სამშენებლო სამუშაოების ყოფილ ტექნიკურ ზედამხედველს და ყოფილ ინჟინერ-მშენებელს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი სიყალბე), რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო შპს „ნიუმშენის“ ყოფილ დირექტორს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლება), სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადება) წარედგინა, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე. ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილსა და გიორგი ყეინაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა