ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში გამომძიებელი და ექსპერტ-ტრასოლოგი იკითხებიან

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში გამომძიებელი და ექსპერტ-ტრასოლოგი იკითხებიან

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული ორი პირის - მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილისა და ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძის საქმეზე სასამართლოში გამომძიებელი და ექსპერტ-ტრასოლოგი იკითხებიან.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება მხოლოდ ერთი ბრალდებული - გიგა გიგაშვილი.

საქმის პროკურორის თამარ ყულჯანიშვილის განმარტებით, ექსპერტ-ტრასოლოგმა დაზიანებული კაბელი გამოიკვლია, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ კაბელის დაზიანება ცხაურით იყო გამოწვეული. ამასთან, პროკურორი გიგაშვილის ბრალთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა მოეთხოვა.

გიგაშვილის ადვოკატი, კახა წერეთელი აცხადებს, რომ მას გამომძიებელთან კითხვები სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით ექნება, მათ შორის, თუ რამ მიიყვანა გამოძიება დასკვნამდე, თითქოს, გიგაშვილს სავალდებულო დასკვნების მოთხოვნა ევალებოდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა, ორი მოზარდი - ანდრია ლორთქიფანიძე და ლაზარე ლობჟანიძე კი დაშავდა.

აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა. რაც შეეხება, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს, მას ბრალისამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე აქვს წარდგენილი, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს კი, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ადა გამოყენების ფაქტზე აქვს ბრალდება წარდგენილი.

ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.