საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 6 თვეში ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამართალდამრღვევ პირებს ჩამოერთვათ სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონელი და მოხდა მისი მოქცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
„მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვეების მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 88 ფაქტი გამოავლინეს“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.