GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა Aqualia-ს სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა.
ხოსე მიგელ სანტოსმა აღნიშნა, რომ აქუალიას მთავარი გამოწვევა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში არსებული ძველი და დაზიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა.
Aqualia-მ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო არსებული სისტემის დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი.
სწორედ კვლევის შედეგებზე იქნება დაფუძნებული კომპანიის გენერალური სამოქმედო გეგმა, რომელიც მომდევნო ათი წლის განმავლობაში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლებასა და განვითარებას გულისხმობს.
“სისტემის კვლევის შედეგების საფუძველზე მზადდება თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციის როგორც გრძელვადიანი, ასევე ოპერატიული სამოქმედო გეგმა. შეიძლება ითქვას, რომ შესწავლა დასკვნით ეტაპზეა და ერთი თვის ვადაში შევძლებთ მიღებული შედეგების საზოგადოებისთვის გაზიარებას”, - განაცხადა GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა „რუსთავი 2-ზე“.
„ჯივიპის“ ახალი მფლობელი წამყვანი ესპანური წყალმომარაგების კომპანია Aqualia 2023 წელს წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა.
Aqualia დღეს 43 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში ემსახურება, მათ შორის უკვე საქართველოშიც.
ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.