საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების კურსის საუკეთესო მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი“ - პირველი ნაკადის წარმატებულ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის ორგანიზებითა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის პირველ ეტაპზე, „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი“ წარმატებით გაიარა თბილისში რეგისტრირებულმა 33 მოქალაქემ. მსმენელებს სერტიფიკატები გადასცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, სტუ-ის რექტორის მრჩეველმა, პროფესორმა ზურაბ გუდავაძემ, სტუ-ის შრომის უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა მუსელიანმა და საუნივერსიტეტო პროექტის მენეჯერმა, დოქტორმა რატი გურგენიძემ.

ღონისძიებაზე პროექტის პირველი ეტაპი შეაჯამეს და მისი განხორციელების სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა უნივერსიტეტსა და თბილისის მერიას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა იმ სამომავლო სარგებელზე, რომელსაც „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსის“ გავლის შედეგად, წარმატებული კურსდამთავრებულები პროფესიონალებად ფორმირების, სამომავლო დასაქმებისა და კარიერული ზრდის თვალსაზრისით მიიღებენ.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტისა და თბილისის მერიის ერთობლივი პროექტი შრომის უსაფრთხოების საკითხების წინა პლანზე წამოწევით, შესაძლებლობას გვაძლევს, ახალგაზრდები ეტაპობრივად და მაღალპროფესიულ დონეზე მოვამზადოთ. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს. სასიხარულოა, რომ პროექტის პირველი ეტაპი კარგი შედეგით დასრულდა - სერტიფიკატები გადაეცა 33 წარმატებულ მსმენელს. დარწმუნებული ვართ, ისინი ღირსეულად დასაქმდებიან კერძო თუ სახელმწიფო სექტორში მოქმედ ორგანიზაციებში, სხვადასხვა პროფილის საწარმოში, სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტის მომდევნო ეტაპებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და რეგისტრაცია გაიარა 600-ზე მეტმა ახალგაზრდამ. ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ პროექტის განხორციელებას და ვიმედოვნებთ, ამ შესაძლებლობას ჩვენი ახალგაზრდები ეფექტიანად გამოიყენებენ, წარმატებით დასაქმდებიან და ყველა მათგანი ახლო მომავალში დიდი ძალა იქნება ჩვენი ქვეყნის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტებით განვითარების გზაზე. მრავალ წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებ, პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს”, - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას განცხადებით, პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს შრომის უსაფრთხოების მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ შემადგენელი კომპონენტია. თბილისის მერიის მიზანი დედაქალაქში რეგისტრირებული, სამსახურის მაძიებელი მოქალაქეების შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობებით დასაქმების ხელშეწყობაა, მათ შორის შრომის უსაფრთხოების მიმართულებით.

„დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია შრომის უსაფრთხოების კუთხით ახალგაზრდების გადამზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება. ამ მხრივ, დიდია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი. უნივერსიტეტს ჰყავს შესანიშნავი აკადემიური პერსონალი, სწავლება კი საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება. მადლობას ვუხდით პროექტის მონაწილეებს - უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, მსმენელებს. პროექტის კურსდამთავრებულებს კი ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ. ვფიქრობთ, სამომავლოდ, თბილისის მერიას არაერთი პროექტი ექნება, რომლის განსახორციელებლად საჭირო იქნება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ჩართვა. შესაბამისად, კურსდამთავრებულთათვის მრავალი შეთავაზება გვექნება შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა გრძელდება მომდევნო ეტაპები, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან და პროექტის ბენეფიციარებთან თბილისის მერიის თანამშრომლობის მასშტაბებს გაზრდის“, - განაცხადა ირაკლი გვილავამ.

სტუ-ის ინფორმაციით, თბილისში დარეგისტრირებულ მოქალაქეთა მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, პროექტის - „შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მომზადების სრული კურსი“ მომდევნო ეტაპზე, მიმდინარე წლის ნოემბრის ჩათვლით, 200 მოქალაქე ჩაერთვება.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს