ივლისში, საქართველოს მიქაელ ჯეკ მენსფილდი - ამერიკელი პედაგოგი, ინგლისური ენის სპეციალისტი სტუმრობდა, რომელიც სექტემბრიდან, ერთი წლის განმავლობაში, პროგრამის -“English Language Fellow”, ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იმუშავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, ინგლისური ენის ექსპერტთა პროგრამა -“English Language Fellow”, ამერიკის საელჩოს ერთ-ერთი პროექტია და საქართველოს უნივერსიტეტებს შესაძლებლობას აძლევს, ამერიკელ სპეციალისტებს უმასპინძლონ, რომლებიც უახლესი მეთოდოლოგიით, აკადემიურ პერსონალს და სტუდენტებს ინგლისური ენის საკომუნიკაციო უნარებს სრულად შეასწავლიან, ჩაერთვებიან სხვადასხვა პროექტსა თუ სამეცნიერო საქმიანობაში.
„მიქაელ ჯეკ მენსფილდის არაფორმალური ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოსა და უნივერსიტეტის გაცნობას. ამერიკელი სტუმარი გრუნის ეწვია. მას რექტორის მოადგილე, გიორგი მირიანაშვილი მასპინძლობდა. სტუმარმა სასწავლო გარემო დაათვალიერა და მასპინძელთან ერთად, სამომავლო საქმიანობის დეტალები განიხილა.
იმავე დღეს, მიქაელ მენსფილდი ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმისა და ფინანსების პროგრამების ხელმძღვანელებმა - მაკა ფირანაშვილმა და თამარ გამსახურდიამ მიიწვიეს მცხეთაში. ტურს უძღვებოდა ტურიზმის მიმართულების სტუდენტი, ლიზი ძიმისტარიშვილი. სტუმარმა მოინახულა სვეტიცხოველი, ჯვარი, მცხეთის ღირსშესანიშნაობები და ქართული სამზარეულო დააგემოვნა.
ამერიკელმა სპეციალისტმა საქართველოში ერთი კვირა დაყო, ამ ხნის განმავლობაში მას მეგზურობას სამართლის სკოლა და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უწევდა.
მიქაელ მენსფილდი სექტემბრამდე დაემშვიდობა საქართველოს“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.