საქართველოში ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა - ესპანურმა კომპანია Aqualia-მ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა „ჯივიპის” ტექნიკურ დირექტორთან, ზურა ალფაიძესთან ერთად გადაცემა „საქმიან დილაში“ თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემის სიღრმისეული კვლევის მნიშვნელობასა და გენერალურ სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ სამ ქალაქში წყალმომარაგების სერვისის გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.
ხოსე მიგელ სანტოსმა აღნიშნა, რომ “აქუალიას” მთავარი გამოწვევა თბილისში, მცხეთასა და რუსთავში არსებული ძველი და დაზიანებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაა. Aqualia-მ საქართველოს ბაზარზე შემოსვლისთანავე დაიწყო არსებული სისტემის დეტალური შესწავლა, დიაგნოსტირება და აუდიტი.
გადაცემაში ზურა ალფაიძემ ხაზი გაუსვა, რომ Aqualia თბილისის წყალმომრაგებისა და წყალარინების სერვისის გასაუმჯობესებლად ესპანელი და ქართველი პროფესიონალების ერთობლივი ძალისხმევით იმუშავებს.
კომპანიის ცნობით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უახლოეს თვეებში მიზნად ისახავს საზოგადოებას გენერალური სამოქმედო გეგმა წარუდგინოს, რომელიც მიზნობრივ ინვესტიციებსა და საოპერაციო სტრატეგიებს აერთიანებს.
„Aqualia ყველაზე მსხვილი ინვესტორია ქვეყანაში, რომელმაც 2022 წელს 180 მილიონ დოლარიანი ინვესტიცია განახორციელა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 80% შეიძინა. Aqualia წყალმომარაგების მიმართულებით ევროპაში სიდიდით მეოთხე, ხოლო მსოფლიოში მეცხრე კომპანიაა. გასულ წელს მან მსოფლიოში საუკეთესო წყლის სერვისის მმართველი კომპანიის ჯილდოც მიიღო“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.