საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აგრარული და სასურსათო მიმართულებებით უნიკალური კვლევები ტარდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებულ მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, პროფესორ ლია ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები რამდენიმე მნიშვნელოვან და უნიკალურ კვლევას ატარებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში ტენილი ყველის დამზადების ტექნოლოგიის მეცნიერული შესწავლა მიმდინარეობს. ასევე, სტუდენტები პროპიონჟავური სასმელი იოგურტის მიღებაზე, პომიდვრის დაავადების გამომწვევი სოკოების საწინააღმდეგო ბაქტერიებისა და სოკოების გამოყოფაზე და მათი თვისებების შესწავლაზე მუშაობენ.

როგორც პროფესორი ლია ამირანაშვილი აცხადებს, ტენილი ყველის მეცნიერული შესწავლა საქართველოში პირველად მოხდა. ასევე, პირველად საქართველოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტმა პრობიომჟავური სასმელი იოგურტის მიღებისთვის დაიწყო მუშაობა.

„ტენილი ყველი მეცნიერულად დღემდე შესწავლილი არ იყო. ეს ტრადიციული არტიზანული მესხური ყველია, რომლის წარმოება ბოლო პერიოდში გააქტიურდა, თუმცა, ფაქტობრივად, მესხეთის მხოლოდ ორ სოფელში მზადდება. ჩვენ შევისწავლეთ არსებული ლიტერატურა და, შეიძლება ითქვას, რომ მწირი ეთნოგრაფიული მონაცემების გარდა, რაიმე მეცნიერული კვლევა ტენილი ყველის მიკრობიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და სენსორული მახასიათებლების შესწავლის თვალსაზრისით, ვერ მოვიძიეთ. ამდენად, თამამად შეიძლება ვთქვათ რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტენილი ყველის მეცნიერული შესწავლა პირველად მოხდა. ტრადიციული მეთოდით, ტენილი ყველი ცხიმმოხდილი მზადდება, არატრადიციული მეთოდით კი, ცხიმიანი რძისგან დამზადებული ე.წ. „თავი-ყველისგან“. ხუთი-ექვსი თვის განმავლობაში მომზადებული ყველის დამწიფება ქოთანში ან შუშის ქილაში ხდება. სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ნინო ნადირაშვილმა, კვლევის პერიოდში, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის სადოქტორო სტიპენდია მოიპოვა, რომლის ფარგლებში, საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში, ორი თვის განმავლობაში, ტენილი ყველის თვისებებს სწავლობდა. კვლევა ჩვენთან დაიწყო, თუმცა, გრანტის ფარგლებში, საფრანგეთში გაგრძელდა. დეგუსტაცია ორივე, საქართველოს ტექნიკურ და ლილის უნივერსიტეტებში, ჩატარდა. თითოეული უნივერსიტეტიდან 62-62-მა სტუდენტმა, ფაკულტეტის თანამშრომელმა მეცნიერმა და ექსპერტმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოში დიდი მოწონება დაიმსახურა არატრადიციული მეთოდით, ცხიმიანი რძისგან დამზადებულმა ტენილმა ყველმა, როგორც საგემოვნო თვისებებით, ასევე, სტრუქტურით და ცალკეული კომპონენტებით,“-აცხადებს ლია ამირანაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, მიკრობიოლოგიის ლაბორატორიაში, საქართველოში პირველად, სასურსათო ტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი, ტერეზა პაპიანი, პრობიომჟავური სასმელი იოგურტის მიღებაზე მუშაობს.

„პრობიომჟავური იოგურტის მიღება საქართველოში არ ხდება. თამამად შემიძლია აღვნიშნო, რომ დოქტორანტი ახალი სასმლის მიღებაზე მუშაობს, რომელიც ჰგავს მაწონს, მაგრამ მასში დამატებით ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პრობიოტიკული პროპიონმჟავა ბაქტერიებია. ეს არის კვლევა, რომლის შედეგებით, კერძო სექტორი თუ დაინტერესდება. შეიძლება, მომხმარებელს ახალი ფერმენტირებული რძის პროდუქტი მიეწოდოს. ასევე აღსანიშნავია აგრარული ტექნოლოგიების სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტ, თამუნა მოდებაძის კვლევა. ის პომიდვრის დაავადების ბიოკონტროლის გზებს სწავლობს, რისთვისაც მან დაავადებული პომიდვრის მცენარიდან და ნაყოფებიდან ფიტოპათოგენური სოკოები და მათი ანტაგონისტი ბაქტერიები და სოკოები გამოყო. სწავლობს მათ თვისებებს. ყველა კვლევას თავისი დანიშნულება აქვს და ვფიქრობ, ჩვენს ლაბორატორიაში მიღებული შედეგები საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში თავის წვლილს შეიტანს,“-აცხადებს ლია ამირანაშვილი.

„ინფორმაციისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე არსებული მიკრობიოლოგიის ლაბორატორია 2016 წლიდან მოქმედებს. ის უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი და დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორიაა, სადაც დარგის სპეციალისტები, მეცნიერები და სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები პრაქტიკულ მეცადინეობებს გადიან, ატარებენ მეცნიერულ კვლევებს“,- აღნიშნულია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს