ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური განხორციელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, სტუმრებს შორის ღვინის იმპორტიორები და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners“ წარმომადგენლები იყვნენ. ტურის მიზანი აშშ-ის ბაზარზე ქართულ ღვინის ცნობადობის გაზრდის ხელშეწყობა იყო.
“პროფესიონალების 13-კაციანი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ისტორიას და ტრადიციებს გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს, როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
ტურის ფარგლებში, თბილისში, სტუმრებისთვის ქართული ღვინის მასტერკლასი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოები.
პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა ამერიკელი პროფესიონალების წინაშე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ბოლო წლებში განხორციელებულმა მარკეტინგულმა ღონისძიებებმა აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ხელი შეუწყო, რაც კონკრეტულ შედეგებზე აისახა. 2023 წლის 6 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 434 ათასი ლიტრი ღვინო, ზრდა, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 5%-ია. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.