ივანე ჩხაიძე - პაპილომავირუსი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის

პაპილომავირუსი მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის. გოგონებში 2019 წელს დავიწყეთ ვაქცინაცია და მოცვის მაჩვენებელი 48% იყო, საკმაოდ დაბალი, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, “იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეები.

" პაპილომავირუსი დღეს მსოფლიოში პირველ ადგილზე დგას სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მიზეზებს შორის. ამ ინფექციის უმრავლესობა უსიმპტომოა ან მიმდინარეობს უმნიშვნელო სიმპტომებით, 3-5%-ში კი შეიძლება სერიოზული ონკოლოგიური პრობლემა განვითარდეს. ეს პრობლემა არის საშვილოსნოს ყელის კიბო, ასევე, საშვილოსნოს, სწორი ნაწლავის, პირის ღრუს ონკოლოგიური დაავადებები. გოგონებში 2019 წელს დავიწყეთ ვაქცინაცია და მოცვის მაჩვენებელი 48% იყო, საკმაოდ დაბალი, თუმცა ყველა ქვეყანა ამ გზით წავიდა. არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც პირველივე დანერგვის წელს 80-90% აჩვენა. 60-80%-ის ფარგლებში უჩვენებენ ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებელს. პანდემიამ მნიშვნელოვნად შეცვალა მაჩვენებელი, ახლა ბევრად ნაკლებია, 30%-ზე დაბალია. არცერთი სხვა ონკოლოგიური დაავადება არ ექვემდებარება პრევენციას, გარდა პაპილომავირუსით გამოწვეული სიმსივნეები. რა თქმა უნდა, საქართველოშიც არის ეს ვირუსი გავრცელებული. დიდი ალბათობით, ყველა თქვენგანს გაქვთ გადატანილი ისე, რომ არ იცით ან უმნიშვნელო გამოვლინება იყო. ეს არ ნიშნავს, რომ სიმპტომურია. მეჭეჭები და ონკოლოგიური დაავადებები ის არის, რასაც ეს ვირუსი იწვევს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სეზონურ ვირუსებზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები 3-8%-ის ფარგლებში ფიქსირდება, სეზონური ვირუსებიდან კი ყველაზე მეტად აქტიური რინოვირუსია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, რინოვირუსი მსუბუქად მიმდინარე დაავადებებს იწვევს.

"კორონავირუსი ისევ რჩება. თუ გადავხედავთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას, გრიპის ვირუსი აღარ არის, მაგრამ კორონავირუსის შემთხვევები 3-8%-ის ფარგლებში ფიქსირდება. ალბათ, ასე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. სეზონური ვირუსებიდან ყველაზე მეტად აქტიურია რინოვირუსი, ადენოვირუსიც. ყველაზე მძიმეა გრიპის ვირუსი, ამიტომ ყოველთვის ვაკონტროლებთ, ვაქცინა და პრეპარატიც არსებობს. დანარჩენი იწვევს გაციების მსგავს დაავადებებს, ეს არის ყელის ტკივილი, დაბალი ტემპერატურა, მადის დაქვეითება ბავშვებში. ის ვირუსი, რომელიც ახლა ცირკულირებს გაციების და მისი მსგავსი მსუბუქად მიმდინარე რესპირაციული ვირუსული დაავადებების გამომწვევია“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება 10-12 წლის ბიჭებისთვის ხელმისაწვდომი გახდა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერადია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი კი 6 თვეა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს