26 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით, სკოლის მიზანია, მომავალი იურისტების პროფესიული ცოდნის ამაღლება კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა სამართალში.
„საზაფხულო სკოლის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, მანანა კობახიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ, ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის პროექტების წარმომადგენლებმა: გიორგი გიორგაძემ და ლევან მესხორაძემ მიმართეს.
ცხრა დღიანი სასწავლო პროგრამა შემდეგ თემებს მოიცავს: კონსტიტუციური კონტროლის მოდელები აშშ-სა და ევროპაში; თანასწორობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში; ინფორმაციის თავისუფლება კონსტიტუციური დემოკრატიის სისტემაში: სტანდარტები აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში.
საზაფხულო სკოლის მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას, და ასევე, მონაწილეობას მიიღებენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებში.
ლექციებს გაუძღვებიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, თეიმურაზ ტუღუში, ლონდონის უნივერსიტეტის ბირბეკის კოლეჯის (გაერთიანებული სამეფო) პროფესორი, ადამიანის უფლებათა სწავლების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ბილ ბოურინგი და ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი, მაკკარტურის სამართლის ცენტრის ადვოკატი, ჯონათან მეინზი. ამასთან, სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, მაარტე დე ვისერი, ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (აშშ) სამართლის სკოლის პროფესორი, ქრისტინ ევანსი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფისა და კვლევების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ქსოვრელი და კონსტიტუციური სამართლის ექსპერტი, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი, ლევან მაისურაძე.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის, ღია კონკურსის შედეგად, საქართველოს უნივერსიტეტებიდან, იურიდიული ფაკულტეტის 26 საუკეთესო სტუდენტი და კურსდამთავრებული შეირჩა. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საზაფხულო სკოლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიარონ და საკონსტიტუციო სასამართლოში დასაქმდნენ.
წელს, საკონსტიტუციო სასამართლო საზაფხულო სკოლის მე-15 ნაკადს მასპინძლობს. საზაფხულო სკოლა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის: „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“, ასევე, ევროპის საბჭოს პროექტის: „ადამიანის უფლებათა სტანდარტებისა და სწავლების იმპლემენტაციის გაძლიერება საქართველოში“ და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მონაწილეობით ტარდება.
აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლის კურსდამთავრებულები სხვადასხვა საჯარო თუ კერძო სტრუქტურებში წამყვან პოზიციებს იკავებენ, რაც პროექტის წარმატების მაჩვენებელია.
საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლა 3 აგვისტოს დასრულდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.