საქართველოს ბანკის პარტნიორობით, თბილისის ძველ უბანში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე ახალი აპარტ სასტუმრო გაიხნსება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს. ბანკის პრესსამსახურის ცნობით, პროექტი 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. „საქართველოს ბანკი“ ბიზნესის წახალისებასა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორობით, თბილისის ძველ უბანში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე, ახალი აპარტ სასტუმრო გაიხსნება. პროექტი 2023 წლის სექტემბერში დასრულდება. მისი ინვესტიცია კი, 1 000 000 დოლარია.
სასტუმროს სრული ფართობი 1500 კვ.მ.-ია, რომელიც ორ A და B ბლოკებად არის განთავსებული. სასტუმრო 15 თანამედროვე ტექნიკით სრულად აღჭურვილ ინდივიდუალურ აპარტამენტს მოიცავს. პროექტს ინტერიერის თანამედროვე დიზაინი და გამწვანებული, მყუდრო ეზო გამოარჩევს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ენერგოეფექტური მასალებითაა აშენებული.
„ადგილმდებარეობა, სადაც სასტუმროა განთავსებული საინტერესო ისტორიის მატარებელია. ძველი ცნობების მიხედვით, ნინო ჩხეიძის ქუჩა უძველესი დროიდან 1824 წლამდე, სამეფო ქალაქისპირა დასახლება იყო, სადაც ადგილობრივი მაცხოვრებლები თიხის ნივთებს აწარმოებდნენ. აღნიშნულ ისტორიულ კვლევებს ეფუძნება, როგორც სასტუმროს კონცეფცია, ასევე ინტერიერის დიზაინში გამოყენებული უნიკალური დეტალები. ჩვენი მთავარი მიზანია, სტუმარს მყუდრო გარემო და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შევუქმნათ. მოხარულნი ვართ, რომ პროექტის განხორციელების პროცესში გვერდში საქართველოს ბანკის სახით, სანდო პარტნიორი გვყავს. მათი თანადგომისა და დახმარების გარეშე რთული იქნებოდა პროექტი სწორედ ისეთი გამოსულიყო, როგორიც ჩავიფიქრეთ და ამასთან, მშენებლობის ვადებიც ზედმიწევნით დაგვეცვა. მოუთმენლად ველით სტუმრებთან შეხვედრას, ამისთვის კი განვაგრძობთ აქტიურ რეჟიმში მუშაობას“,- განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, კომპანიის დირექტორმა.
„ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, მუდმივად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მათ საკუთარ საქმიანობაში, რათა წამოიწყონ ახალი ან განავითარონ უკვე არსებული ბიზნესი. ამჯერად ბანკისა და კერძო კომპანიის წარმატებული პარტნიორობით, ახალი სასტუმრო აშენდება. პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და ოქტომბერში სასტუმრო პირველ სტუმარს უკვე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ახალი სასტუმროს გახსნა სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს, დასაქმდება რამდენიმე ათეული ადამიანი. ასევე, დარწმუნებულები ვართ, რომ სასტუმრო მიმზიდველი იქნება, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა.