ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ იადიგარ აბბასოვის ადვოკატი თეიმურაზ ბიჭოშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ „უკანონო მოქმედებები განახორციელეს".
უფლებადამცველი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამაზე თავად ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„მის მიმართ განხორციელებული გარკვეული რაღაც არასწორი ქმედებები იყო სამართალდამცველების მხრიდან. ძალადობა არა. რბილად რომ ვთქვათ, უკანონო მოქმედებები იყო", - განაცხადა თეიმურაზ ბიჭოშვილმა.
როგორც პროკურორი, თამარ სილაგავა აღნიშნავს, იადიგარ აბბასოვის მხრიდან ძალადობაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მის მიერ დასახელებულ გარემოებებს პროკურატურა შეისწავლის.
„ერთ-ერთმა ბრალდებულმა სასამართლოზე გააკეთა გარკვეული განცხადებები. საუბარი არ ყოფილა ძალადობასთან დაკავშირებით, თუმცა გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით მან ისაუბრა და ამ გარემოებებს, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე შეისწავლის," - განაცხადა თამარ სილაგავამ.
ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ ორივე პირს ბრალი საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით აქვთ წარდგენილი, თუმცა პროკურორი აღნიშნავს, რომ გამოძიება ასევე, მიმდინარეობს იმის გასარკვევად აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ თუ არა ტერორისტული დანაშაულის ჩადენაში.
„იმ შემთხვევაში თუ მოპოვებულ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, ამ პირების და სხვა პირების მიმართაც დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა," - განაცხადა პროკურორმა.
შეგახსენებთ, მოსამართლემ ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა, რადგან საქმეს გრიფი „საიდუმლო" ადევს. დაკავებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.