ლევან ბოძაშვილი - ჩინეთის გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა კომფორტულია საქართველოსთვის

საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესების პრობლემურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ტექნოლოგისტს, ბლოკჩეინის სამართლის სპეციალისტს, ტექნოლოგიური სუვერენიტეტის ექსპერტს, ლევან ბოძაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, თქვენი დაკავებულობის გამო თქვენთან კარგა ხანია არ გვიმსჯელია საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ვიზიტითაა ჩინეთში ვითარებაში, როცა საერთაშორისო ასპარეზზე სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია და ჩვენს ქვეყანას აშკარად გაზრდილი აქვს საფრთხეებიც და გამოწვევებიც.

ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე რამდენად თანხვედრაშია ქვეყნის საგარეო კურსთან პრემიერის ვიზიტი ჩინეთში?

- ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ეძებს ეროვნული უსაფრთხოების სტაბილურ და მშვიდობიანი განვითარების მექანიზმებს, ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ, როგორც ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ისე სხვა ნებისმიერი მოქმედება და გეგმა. მათ შორის ჩინეთთან ურთიერთობა.

ვფიქრობ, პრემიერის ეს ვიზიტი საკმაოდ დროულია და კარგად ეხმიანება დღევანდელ დაძაბულ ვითარებაში ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფის პოლიტიკას. თუმცა შედეგები რომელიც ამ ვიზიტს ექნება, არ და ვერ იქნება ერთჯერადი და არც უნდა იყოს შემდეგი მიზეზების გამო - ერთი, რომ ჩინეთი თავისი მზარდი პოტენციალით, რომელიც თავისი დღევანდელი განვითარების და ხვალინდელი პოზიციონირების კუთხით პრაქტიკულად ყველა ქვეყანას უსწრებს და თითქმის ტოლს არ უდებს ამერიკას, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი 30-40 წლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

ჩინეთი თავისი მზარდი პოტენციალით, რომელიც თავისი დღევანდელი განვითარების და ხვალინდელი პოზიციონირების კუთხით პრაქტიკულად ყველა ქვეყანას უსწრებს და თითქმის ტოლს არ უდებს ამერიკას, განსაკუთრებით ტექნოლოგიებში, შეიძლება გახდეს საქართველოს მომავალი 30-40 წლის სტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი

მეორე, სტრატეგიული თვალსაზრისით, სტრატეგიული ღირებულების თვალსაზრისით, ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობას შეუძლია საქართველოს შესძინოს დამატებითი სტრატეგიული ღირებულება. ეს ღირებულება დასავლეთის თვალში, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა გვეჩვენოს, შემცირდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რადგან დასავლეთის სტრატეგიული მოლოდინი არ გამართლდა და ალბათ უნდა ვაღიაროთ, რომ ვერც გამართლდებოდა, ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო უსაფრთხოების ინტერესების დაცვის ხარჯზე.

შესაბამისად, ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის საფუძვლის ჩაყრა დამატებით გამაძლიერებელი მექანიზმია ეროვნული სტრატეგიული ღირებულებისთვის, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სატრანზიტო თვალსაზრისით. ამდენად, ჩინეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეროვნული და გეოპოლიტიკური ფუნქციის განსავითარებლად.

ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობის საფუძვლის ჩაყრა დამატებით გამაძლიერებელი მექანიზმია ეროვნული სტრატეგიული ღირებულებისთვის, როგორც გეოპოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სატრანზიტო თვალსაზრისით. ამდენად, ჩინეთი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეროვნული და გეოპოლიტიკური ფუნქციის განსავითარებლად

მესამე, ჩინეთის ლიდერმა სი-მ გაზაფხულზე წარმოადგინა გლობალური ცივილიზაციური ინიციატივა, რომლის ოთხივე პუნქტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოს სრულიად ახლებურ ხედვაზე აკეთებს აქცენტებს. იქ ხაზგასმულია გლობალური ფინანსური კრიზისის თემატიკაც, მათ შორის არსებული გლობალური ფინანსური სისტემის არასტაბილურობაც, კერძოდ, სილიკონის ბანკებისა და Credit Suisse-თან დაკავშირებული პრობლემების სახით და სხვა.

ამავე დროს, განსხვავებით, დავაკვირდეთ ამას, დასავლური ცალსახოვანი ღირებულებითი და იდეოლოგიური პოლიტიკისგან, ჩინეთი მსოფლიოს სთავაზობს ცივილიზაციური განსხვავებების პატივისცემას, რაც გამორიცხავს იდეოლოგიური სტერეოტიპების თავსმოხვევას.

ამდენად, ჩინეთი, პოლიტიკური ადაპტირების გაცილებით მოქნილ მექანიზმს სთავაზობს პარტნიორ ან პოტენციურ პარტნიორ ქვეყნებს, რაც კომფორტული უნდა იყოს ჩინეთთან პარტნიორობის განხორციელების პროცესში ბევრი და მათ შორის საქართველოს მსგავსი ქვეყნისათვის.

მეოთხე, ჩინეთი იდეალური დამაბალანსებელი შეიძლება გახდეს საქართველოზე რუსული გავლენის შემცირების საკითხში. არც ერთი ქვეყანა არ უფრთხის ჩინეთს ისე, როგორც რუსეთი და არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა გავლენა რუსეთზე, როგორც ჩინეთს.

ჩინეთი იდეალური დამაბალანსებელი შეიძლება გახდეს საქართველოზე რუსული გავლენის შემცირების საკითხში. არც ერთი ქვეყანა არ უფრთხის ჩინეთს ისე, როგორც რუსეთი და არც ერთ ქვეყანას არ აქვს იმხელა გავლენა რუსეთზე, როგორც ჩინეთს

ამდენად, აქაც, მნიშვნელოვან სტრატეგიულ ფანჯარას ვხედავ. ამდენად, როგორც თავში აღვნიშნე, მეტი მოქნილობა გვმართებს გეოპოლიტიკური სტერეოტიპებისგან გათავისუფლების საკითხში, ერთადერთი „სტერეოტიპი“ რომელიც უნდა გვქონდეს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობაა. რა თქმა უნდა არსებობს ბევრი რისკიც, თუმცა მათი განეიტრალება ჩვენს ეროვნულ, შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უნდა შევძლოთ.

- კონკრეტულად, რა შეიძლება მოგვცეს ჩინეთთან პარტნიორულმა ურთიერთობამ?

- პირდაპირ რომ ვთქვათ, გლობალურად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხოლოდ ორი გასაღები არსებობს, ერთი ვაშინგტონში და ახლა უკვე პეკინშიც. თუ რუსეთისგან სრული დაცულობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება ნატოში სრული ინტეგრაცია, მანამდე ეს როლი კარგად შეიძლება ჩინეთმა განახორციელოს.

ამ სტრატეგიული პარადოქსის გარდა, ჩინეთთან ურთიერთობა, განსაკუთრებით თავისუფალია ვაჭრობის შეთანხმების ფონზე, წარმოუდგენლად დიდ შესაძლებლობებს უჩენს ქართულ ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ღვინოს, და ზოგადად ეკონომიკას.

გლობალურად ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხოლოდ ორი გასაღები არსებობს, ერთი ვაშინგტონში და ახლა უკვე პეკინშიც. თუ რუსეთისგან სრული დაცულობის უზრუნველსაყოფად ჩვენ გვჭირდება ნატოში სრული ინტეგრაცია, მანამდე ეს როლი კარგად შეიძლება ჩინეთმა განახორციელოს

ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ეროვნული ფუნქცია სატრანზიტო სტრატეგიული როლის შესრულებაში მნიშვნელოვნად სწორედ ჩინეთის ფაქტორის გამო ძლიერდება. ავიღოთ ანაკლიის პორტი.

რომ ვნახოთ რა რაოდენობის ინვესტიციები აქვს ჩინეთის ჩადებული სინგაპურის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის და ავსტრალიის განვითარებაში, სწორედ საპორტო და სატრანსპორტო თვალსაზრისით, გავოცდებით.

თავად ამ პორტის დატვირთვის საკითხიც კი ჩინეთზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. და ტექნოლოგიური განვითარება, რომელიც არ არის მხოლოდ განვითარება, არამედ წარმოშობს სერიოზულ საფრთხეებსა და რისკებს სოციალური და ეროვნული თვალსაზრისით. ამ ნაწილში, ჩვენ ჩინეთისგან ბევრი შეგვიძლია ვისწავლოთ.

თუ მაგალითად, თეთრი სახლი სთხოვს ტექნოლოგიურ გიგანტებს დაიცვან ეთიკური მიდგომები, ანუ ამით მოახდინონ ტექნოლოგიური სუვერენიტეტს უზრუნველყოფა, ჩინეთი ამ საკითხს სრული ცენტრალიზაციით მიუდგა.

საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, რომ ჩინეთი არის ოფციათა ყუთის გაფართოება საქართველოსთვის, რაც თავის მხრივ დაბალანსების კარგ საშუალებებს იძლევა. მსოფლიო რადიკალურად იცვლება და ჩვენ მოქნილები უნდა ვიყოთ ჩვენს სახელმწიფოებრივ მიდგომებში.

ჩინეთი არის ოფციათა ყუთის გაფართოება საქართველოსთვის, რაც თავის მხრივ დაბალანსების კარგ საშუალებებს იძლევა. მსოფლიო რადიკალურად იცვლება და ჩვენ მოქნილები უნდა ვიყოთ ჩვენს სახელმწიფოებრივ მიდგომებში

- წლის ბოლოს საქართვლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ გვეცოდინება მიიღებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ევროკომისიის შუალედურ დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოს 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი აქვს შესრულებული.

ამ თემას სპეციალური პრესკონფერენცია მიუძღვნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველოს 12 რეკომენდაციიდან 11 რეკომენდაცია აქვს შესრულებული. პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ 12 რეკომენდაციიდან, მხოლოდ სამი გვაქვს შესრულებული.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ევროკომისიას, ან ხელისუფლების მმართველ გუნდს, არითმეტიკის ცოდნის პრობლემა ჰქონდეთ...

- ვფიქრობ, რომ ევროკავშირი საქართველოს მაინც მისცემს კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ევროპული სტანდარტის დონის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენ გვჭირდება ეს, არა ევროკავშირს, და ზოგადად ვერ ვიზიარებ იმ მიდგომას, როდესაც რაიმე სახელმწიფოებრივი საკითხის გადაწყვეტა რაღაც კონკრეტულ მიზნითაა მოტივირებული.

მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი, ან ექსპერტი, ან არასამთავრობო სფეროს წარმომადგენელი ამბობს, რომ ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო იმიტომ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ეს არის სრულად არასწორი დამოკიდებულება და საკითხის დაკნინება.

ევროკავშირი საქართველოს მაინც მისცემს კანდიდატის სტატუსს. ევროკავშირს უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ევროპული სტანდარტის დონის სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენ გვჭირდება ეს, არა ევროკავშირს, და ზოგადად ვერ ვიზიარებ იმ მიდგომას, როდესაც რაიმე სახელმწიფოებრივი საკითხის გადაწყვეტა რაღაც კონკრეტულ მიზნითაა მოტივირებული

ამ და სხვა საკითხებშიც მთავარი ის არის, რომ ქვეყანას სჭირდება რეფორმა და არა მხოლოდ უმთავრესად იმას, რომ სადმე გავწევრიანდეთ. ეს იცით რა სოციალურ სტერეოტიპს აძლიერებს? რომ დამოუკიდებლად ჩვენ არაფერი შეგვიძლია და აუცილებლად სადმე უნდა გავწევრიანდეთ რომ გვეშველოს.

გავიხსენოთ 2007 წელს ბულგარეთის და რუმინეთის სახელდახელო მიღება ევროკავშირში, მაშინ ამ ორი ქვეყნის სასამართლო ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ასეთი გადაწყვეტილება სჭირდება დღეს საქართველოსაც და ევროკავშირსაც, ამიტომაც ვფიქრობ, რომ სტატუსი იქნება წლის ბოლოს და იმედია არ ვცდები.

- უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე არა მარტო სერიოზული ცვლილებებია მომხდარი საერთაშორისო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში, ვხედავთ, რომ გლობალურ ფინანსურ სისტემაშიც სერიოზული რყევებია. ეს რყევები კარგა ხანია დაწყებულია, მაგრამ, ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა, ეს პროცესი არა მარტო დააჩქარა, მას ახალი დინამიკა და ფორმაც შესძინა.

გლობალურ ფინანსურ სისტემაში რყევებში, იგულისხმება ის, რომ რუსეთი მალე შემოიღებს ციფრულ ვალუტას, ხოლო ბრიკსის ქვეყნები 22 აგვისტოდან საკუთარ ალტერნატიულ ვალუტას წარმოადგენენ.

რა ხდება გლობალურ საფინანსო სისტემაში? პროცესების დინამიკა რას გვიჩვენებს? და როგორც, ჩვენში იციან თქმა - „ჩვენ სად ვართ ჩვენ“?

- დიახ, პუტინმა უკვე მოაწერა ხელი ციფრული ვალუტის შესახებ კანონმდებლობას. 1 აგვისტოდან დაიწყება რუსული ციფრული ვალუტას შემოღების განხორციელება. ეს ვითომდა უწყინარი საკითხი, პოლიტიკური რისკების შემცველია.

კერძოდ, ჯერ ერთი რომ იმ სახით რა სახითაც დღეს მსოფლიოში ქვეყნებმა ციფრული ვალუტების შემოღება განიზრახეს, სრულიად შეუთავსებელია პირად უფლებებთან, კერძო ცხოვრების თავისუფლებასთან და ა.შ.

ეს ეხება არ მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროკავშირსაც. მაგალითად, ევრობანკის პრეზიდენტის განცხადებით, ასეთი ვალუტის შემოღებისას გაკონტროლდება და შეიზღუდება 1000 ევროზე მეტი ყველა ტრანსაქცია, დაწესდება კვოტები ხარჯვით და დაგროვებით მექანიზმებზე.

ამას ევროკავშირი ამართლებს იმით, რომ იგი ცდილობს დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი დიდი ტექნოლოგიური კომპანიების მზარდი გავლენისგან, მათ შორის ფინანსურ ნაწილში. მე, გახსოვთ ალბათ, პირველი ვიყავი ვინც მოუწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს შემოეღო კრიპტო ლარი.

დააკვირდით, კრიპტო ლარი და არა ციფრული ვალუტა, ციფრული ლარი. ანუ ეს ვალუტა რომ ყოფილიყო ნახევრად დეცენტრალიზებული მაინც. ახლა როგორც ვიცით იქნება სრულად ცენტრალიზებული და 100%-თ გაკონროლირებადი ნებისმიერი კერძო ტრანსაქცია.

ახლა დავუბრუნდეთ რუსეთს, რომლის ამოცანაა რუსული ციფრული ვალუტა გამოიყენოს მათ შორის იმ მიზნით, რომ აუაროს გვერდი სანქციებს და ამავდროულად აკონტროლოს ფულის მიმოქცევა. ამის განსახორციელებლად მას დასჭირდება .ე.წ. მეგობრული ქვეყნები სადაც მოახდენს ამ ვალუტის ინტეგრაციას ადგილობრივ სისტემებთან. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი ქართულ მხარესაც მოსთხოვს ამის გაკეთებას.

რუსეთს, რომლის ამოცანაა რუსული ციფრული ვალუტა გამოიყენოს მათ შორის იმ მიზნით, რომ აუაროს გვერდი სანქციებს და ამავდროულად აკონტროლოს ფულის მიმოქცევა. ამის განსახორციელებლად მას დასჭირდება .ე.წ. მეგობრული ქვეყნები სადაც მოახდენს ამ ვალუტის ინტეგრაციას ადგილობრივ სისტემებთან. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთი ქართულ მხარესაც მოსთხოვს ამის გაკეთებას

კარგი იქნება თუ ამაზე ეროვნული ბანკი გააკეთებს გამომრიცხავ განცხადებას, რადგან ეს რომ მოხდეს მართლა დავდგებით სანქციების რისკის ქვეშ. ზოგადად, ციფრულ ფულზე გადასვლასთან დაკავშირებით, გარკვეული ძალაუფლების დეცენტრალიზაცია ეროვნული ბანკისგან უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მონსტრ ინსტიტუციას, რომელიც ვეღარ გაკონტროლდება.

ერთ-ერთი ასეთი დეცენტრალიზაცია იქნებოდა სახელმწიფო კრიპტო ბირჟის დაარსება, რომლის მაგალითები უკვე არსებობს მსოფლიოში. ეს მოქალაქეებს დაიცავდა დანაკარგებისა და საეჭვო ტრანსაქციებისგან. გარდა ამისა, სახელმწიფოს ხელში გაჩნდება დამატებითი მექანიზმი, არ იყოს დამოკიდებული კერძო ცენტრალიზებულ ბირჟებზე, როგორიც არის Binance ან სხვები.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, დიახ ბრიკსი - ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა, 22 აგვისტოს გაუშვებს თავის ვალუტას, რომელიც იქნება ამ ქვეყნებს შორის გადარიცხვებისა და ვაჭრობის უზრუნველყოფის ერთეული, ანუ ბრიკსი ცდილობს ჩაანაცვლოს დოლარი.

ბრიკსი - ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა, 22 აგვისტოს გაუშვებს თავის ვალუტას, რომელიც იქნება ამ ქვეყნებს შორის გადარიცხვებისა და ვაჭრობის უზრუნველყოფის ერთეული, ანუ ბრიკსი ცდილობს ჩაანაცვლოს დოლარი

ნიშანდობლივია ის, რომ ეს ვალუტა იქნება გამყარებული ოქროთი. თუ დააკვირდით ოქროს ფასი მატულობს ბოლო პერიოდში და სწორედ ამიტომ ბოლო თვეები თითქმის ყველა ქვეყნის ეროვნული ბანკები ყიდულობენ ოქროს, ბოლო რამდენიმე თვის მონაცემებით 350 ტონაზე მეტია შესყიდული.

ვინმემ შეიძლება აღიქვას ბრიკსი რუსულ ინიციატივად, მაგრამ სინამდვილეში ბრიკსი სწორედაც რომ ანტიამერიკული კოალიციაა ჩინეთის ხელში. დოლარის ჰეგემონობის დაცემა რა თქმა უნდა გამოიწვევს ჩინეთის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამიტომაც, აუცილებელია ჩვენი ქვეყანა კარგად მოემზადოს ამ ცვლილებებისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე პირველ რიგში ეკონომიკურად

ამ დროს ჩვენი სებ-ი ყიდულობს დოლარს, რაც მოკლევადიანად საჭიროა თუმცა ნაკლები ეფექტი ექნება სამომავლოდ. გავითვალისწინოთ, რომ არა სადოლარო ანგარიშსწორებები უკვე შედგა ჩინეთსა და არაბულ ქვეყნებს შორის, 20-ზე მეტი ქვეყანა უკვე შეუერთდა და 40-ზე მეტი ქვეყანა აპირებს შეუერთდეს მას.

ვინმემ შეიძლება აღიქვას ბრიკსი რუსულ ინიციატივად, მაგრამ სინამდვილეში ბრიკსი სწორედაც რომ ანტიამერიკული კოალიციაა ჩინეთის ხელში. დოლარის ჰეგემონობის დაცემა რა თქმა უნდა გამოიწვევს ჩინეთის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამიტომაც, აუცილებელია ჩვენი ქვეყანა კარგად მოემზადოს ამ ცვლილებებისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე პირველ რიგში ეკონომიკურად.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს