საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.
კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრის მთავარი თემა იყო. მათ ცნობით, შეხვედრას მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს წარმომადგენლებმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით, განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.
„ყურადღება გამახვილდა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გაჩენის მნიშვნელობაზე, კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტებით ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხებსა და კაპიტალის სტიმულირება/მობილიზებაზე ადგილობრივი ფასიანი ქაღალდებისთვის.
პრეზენტაციის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის მოთხოვნისა და მიწოდების განვითარებისთვის აქტუალური საკითხები, არსებული საკანონმდებლო ბაზა და ინფრასტრუქტურა.
საუბარი შეეხო დამზოგველებსა და მსესხებლებს შორის ფინანსური შუამავლობის როლის მნიშვნელობას, ისევე როგორც, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემებსა და დივერსიფიცირებული დაფინანსების საკითხებს.
ასევე, დეტალურად იქნა განხილული ბაზრის კაპიტალიზაციის ინდიკატორების საერთაშორისო მაგალითები და კაპიტალის ბაზრის განვითარების დაბრკოლებები. საუბარი შეეხო მზარდ, მაგრამ კაპიტალის ბაზრის ჯერ კიდევ მცირე ზომას, ალტერნატიული ინსტრუმენტების ცნობადობის ამაღლების საჭიროებებსა და სხვა.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, სადაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.