კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება. ინფორმაციას კავკასიის უნივერსიტეტი ავრცელებს.
ცერემონიალი 29 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იქნებიან როგორც სახელმწიფო უწყებების და სამინისტროების, ასევე კერძო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ყოველწლიურად, კავკასიის უნივერსიტეტი, ღონისძიების ფარგლებში, საპატიო დოქტორის წოდებას ანიჭებს სხვადასხვა პროფესიის და სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც გარკვეული წვლილი მიუძღვით საგანმანათლებლო სივრცის განვითარებასა და გამორჩეული იდეების განხორციელებაში. წელს აღნიშნული წოდება გადაეცემათ: ალმათის მენეჯმენტის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და დამფუძნებელს - ასილბეკ კოჟახმეტოვს; Solimar International-ის თავმჯდომარეს, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მენეჯმენტის, ტურიზმის კვლევებისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორ-ემერიტუსს - დონალდ ი. ჰოკინსს; იოჰანესბურგის უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერსა (რექტორი) და დირექტორს - ლეთლჰოკვა ჯორჯ მპედის.
კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართავენ - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ასევე, მოწვეული სტუმრები და კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების დეკანები.
გამოსაშვები ცერემონია ტრადიციულად ქუდების აყრითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.
უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტს წელს ნოვატორობისა და უწყვეტი განვითარების 25 წელი შეუსრულდა, რომლის ფარგლებშიც არაერთი ღონისძიება ჩატარდა. კავკასიის უნივერსიტეტი უკვე 23 წელია, რაც გამოსაშვებ ცერემონიას ყოველწლიურად ატარებს კურსდამთავრებულთათვის. 2018 წლიდან ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიულ კამპუსში იმართება.