საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი "ხობი 2 ჰესის" მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, სადგური სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალზე მდებარეობს. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 46,7 მგვტ, ხოლო წელიწადში მას 202 მლნ კვტ.სთ - ის გამომუშავება შეუძლია. სადგურის პროექტის ინვესტიციის მოცულობამ დაახლოებით 63,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ხობი 2 ჰესი" მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტია სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარეში. უშუალოდ მშენებლობის პროცესში 300 ადამიანია დასაქმებული, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივია. სადგურის ამოქმედება რეგიონის ელექტრომომარაგებას კიდევ უფრო მდგრადს და სტაბილურს გახდის, ხოლო ადგილობრივ ბიუჯეტს მნიშვნელოვანი საგადასახადო შემოსავალი ექნება", - აღნიშნა ჯუბო ტურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მემორანდუმი ,,ხობი 2 ჰესის" მშენებლობაზე გაფორმდა 2015 წელს. სადგური ექსპლუატაციაში 2023 წლის ბოლოს შევა.