სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი - არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ისინი არიან უდანაშაულოები

მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულოები არიან,- ამის შესახებ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფ სპეცრაზმელებზე, რომლებიც სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავებასა და განზრახ მკვლელობის საქმეზე არიან ბრალდებულები.

როგორც ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულოები არიან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის განმარტებით, დაკავებულები არცერთ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

„მოგეხსენებათ, რომ ამ საქმეზე გამოძიება ჯერ კიდევ 2008 წლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ამ საქმეზე თითოეული მათგანი არაერთხელ დაიკითხა და ყოველი გამოძახებისას ისინი საგამოძიებო ორგანოში ცხადდებოდნენ. მეტიც, დაკავების წინა პერიოდშიც, როდესაც ისინი პროკურატურაში დაიბარეს საკუთარი ნებით, ყოველგვარი წინააღმდეგობის ან დაბრკოლების გარეშე გამოცხადდნენ. ამავდროულად, თითოეული მათგანი გამოძიებასთან თანამშრომლობდა იმ პერიოდშიც, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება იყო გამოცხადებული. შესაბამისად, მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

არცერთი მათგანი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ისინი არიან უდანაშაულოები და ეს პოზიცია მათ აქვთ იმთავითვე, როგორც კი საქმეზე გამოძიება დაიწყო. ამ პოზიციას პროკურატურაც, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იმყოფებოდა ხელისუფლებაში, მრავალი წლის განმავლობაში იზიარებდა. თუ, მაგალითად, 2008 წლიდან 2012 წლამდე სხვა ხელისუფლება იყო, 2012 წლიდან 2023 წლის ჩათვლით ახალი ხელისუფლების პირობებში არცერთი მათგანის მიმართ დევნა დაწყებული არ ყოფილა და მეტიც, მათი ნაწილი სახელმწიფო ძალოვან უწყებებში მუშაობას აგრძელებდა და მათი ჩვენებები პროკურატურას მიაჩნდა სანდოდ. რაც შეეხება მოტივაციას, თუ რატომ მოხდა დევნის დაწყებას, მოგეხსენებათ, რომ აქ წარმოდგენილი სპეცრაზმელები არიან ის მებრძოლები, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის აგრესიის შეკავებისთვის იბრძოდნენ და დღეს ჩვენ ვიცით, თუ როგორი პოლიტიკა აქვს ხელისუფლებას აგვისტოს ომის გმირებთან დაკავშირებით და შეიძლება ერთ-ერთი მოტივაცია ესეც იყოს, თუმცა ამ ნაწილში მე სპეკულაციას არ დავიწყებ“, - განაცხად ბასილაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 8 პირია დაკავებული, ორი პირის - იმჟამინდელი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსის, თეიმურაზ პატარიძისა და ყოფილი სპეცრაზმელის, გიორგი არაბულის მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.

ბრალდებული პირების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად, რომლის მიხედვითაც, „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც, როინ შავაძეს „კუდ-ის“ თანამშრომლები, ბათუმის ერთ-ერთ კაფეში, ჯერ კონდახებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქობულეთის და გურიის საზღვართან მრავალჯერადი გასროლით მოკლეს.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) დაიწყო.

სისხლის სამართლის საქმეზე, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე (განზრახ მკვლელობა), სსკ-ის 147-ე (განზრახ უკანონო დაკავება) და სსკ-ის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025