სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ტურისტული სააგენტოს გამოყენებით, საზღვარგარეთ გამგზავრების მსურველ მოქალაქეებს გარკვეული საფასურის სანაცვლოდ სამოგზაურო ტურების ორგანიზებას სთავაზობდა. ის დაინტერესებულ მოქალაქეებს ცრუ დაპირებას აძლევდა, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ავიაბილეთების შეძენას და ასევე სასურველი სასტუმროების შერჩევას და დაჯავშნას უზრუნველყოფდა. ბრალდებული მეტი დამაჯერებლობისთვის მოქალაქეებს სხვადასხვა სასტუმროების ფოტოებს აჩვენებდა და თითქოსდა შეძენილი ავიაბილეთების მონაცემებს უგზავნიდა, რითაც მათ კუთვნილ თანხებს მოტყუებით ეუფლებოდა. ამ გზით ბრალდებული 32 მოქალაქის კუთვნილ 81 815 ლარს დაეუფლა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის "ა"და "ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, 32 ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025