ქართველი ხალხის მენტალიტეტზე ჰიბრიდული ბრძოლა მიდის - რუს ტურისტებს უნდა ჰქონდეთ მოსაკრებელი, ასევე, უნდა გავუკეთოთ ტესტი შემოსვლის დროს, აღიარებს თუ არა საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - თუ ამას აკმაყოფილებს და კეთილგანწყობით არის მოსული, წინააღმდეგი არავინაა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ ბათუმში მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია ადამიანებზე, რომლებიც ქართველებს დასცინიან და შეურაცხყოფას აყენებენ.
„კრუიზით შემოსვლასთან დაკავშირებით იცით მათი ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. არ შეგვიცვლია პოზიცია რუს ტურისტებთან დაკავშირებით - ერთი წელი არ უნდა შემოდიოდნენ, უნდა ჰქონდეთ მოსაკრებელი, რადგან ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორია და ეს ფული დევნილების კომპენსაციისთვის უნდა შევიდეს; უნდა გავუკეთოთ ტესტი შემოსვლის დროს - აღიარებს თუ არა საქართველოს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თუ ამას აკმაყოფილებს და კეთილგანწყობით არის მოსული, წინააღმდეგი არავინაა. მაგრამ ქართველებს რომ დასცინიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ამბობენ - საბჭოთა კავშირში მოვედით, აფხაზეთი თქვენ დაანგრიეთ, ომი გინდათო. პროპაგანდისტებზე გვაქვს საუბარი, თორემ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ქსენოფობია არ არის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ამასთან, მანჯგალაძის განცხადებით, ყველა უნდა შეეგუოს იმას, რომ საქართველოს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ვერ ექნება, სანამ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ერთი დევნილიც არაა დაბრუნებული.
„იმას, რაც აქ ხდება, არანაირი საერთო არ აქვს არც ბიზნესთან, არც ტურიზმთან. ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს მოქალაქის და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ღირსება შელახოს. ყველა უნდა შევეგუოთ, უპირველესად კი ხელისუფლება, მოქალაქე, ბიზნესის წარმომადგენელი, რომ ვიდრე ერთი დევნილიც არაა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაბრუნებული, რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა ვერ გვექნება. არავინ აპირებს იყოს ქსენოფობი, მაგრამ მარტივად ვიტყვი - ვერც ერთი ქართველი ვერ ჩადის სოხუმში თუნდაც საკუთარი სახლის სანახავად და ამ დროს რას ვხედავთ? აღებ-მიცემობა გვაქვს გაჩაღებული რუსეთთან. თითქოს არაფერი ხდება, თითქოს არ კლავენ, არ ანადგურებს რუსეთი ჩვენს პარტნიორებს, უკრაინელებს, ქართველებს, თითქოს თბილისთან არ იდგეს რუსის ჯარი. არანაირი საერთო არ აქვს იმას საქართველოს ინტერესთან, რომ თურმე შეიძლება ყველაფერი გავყიდოთ, მათ შორის ღირსება და თავისუფლება. ზუგდიდში შეხვედრაზე მივდიოდი, მაგრამ გავიგე, რომ პატრიოტებს აკავებს მონური ფსიქოლოგიის ხელისუფლება. წამოვედი აქ, რადგან მინდა ვიყო ხალხთან, რადგან საქართველოს თავისუფლება და ღირსება არ იყიდება. ქართველი ხალხის მენტალიტეტზე ჰიბრიდული ბრძოლა მიდის - თურმე პატრიოტიზმი ყოფილა მონობა, რუსეთში დაბრუნება კი პატრიოტიზმი ყოფილა. ღირსება ყოფილა რუსებისთვის კუდის ქიცინი ფულის სანაცვლოდ, ქრისტიანობა კი ყოფილა ქვებით დევნა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებისთვის“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ, რომელიც ბათუმში იმყოფება.