თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის მონაკვეთზე, რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, 24 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-ზე მეტი რეინჯერი იცავს და მათ საქმიანობებში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებზე ზრუნვა და მათი ინფორმირება.

მათივე ინფორმაციით, რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის თითქმის 13%-ია.

„რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ; გაიმართა რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმ რეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით იოსებაშვილი, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ როგორც სათანადო სამუშაო პირობები, ასევე სოციალური გარანტიები.

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია დაცული ტერიტორიების გაფართოება და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნა. ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაოები გავწიეთ. დღეისთვის, დაცული ტერიტორიების ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს შეადგენს. ამ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა, მოვლა, მოფრთხილება, პატრონობა. რეინჯერთა პასუხისმგებლობა ამ საქმეში არის ძალიან დიდი; ისინი ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან სამუშაოს ბუნების დაცვის საქმეში; მათი წვლილი არის ფასდაუდებელი. რეინჯერის დღის აღნიშვნის ფარგლებში, ყველა გამორჩეული რეინჯერი, რომელიც თავის საქმიანობაში არის წარმატებული დავაჯილდოვეთ; გავიხსენეთ ყველა ის რეინჯერი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ტრაგიკულად დაიღუპა და მათ ხსოვნას პატივი მივაგეთ. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება არის გმირობის ტოლფასი. სახელმწიფო ზრუნავს, რომ რეინჯერებს ჰქონდეთ როგორც სათანადო სამუშაო პირობები, ასევე სოციალური გარანტიები, იმისთვის, რომ მათ ღირსეულად შეასრულონ საკუთარი საქმე“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტო რეინჯერთა პროფესიულ დღეს 2017 წლიდან აღნიშნავს.

რეინჯერთა პროფესიული დღე რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესდა და მსოფლიოში პირველად 2007 წელს აღინიშნა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს