პარტია „მოქალაქეები“ უნიკალური ქართული ძაღლის ჯიშის, ქართული ქოსა ყაზბეგური ნაგაზის საერთაშორისოდ აღიარებისთვის სახელმწიფოს დროული ქმედებებისკენ მოუწოდებს.
პარტია „მოქალაქეების“ გენერალური მდივნის ივანე ნორაკიძის განცხადებით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძაღლი, დღემდე არაა საერთაშორისო ჯიშად აღიარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯიშების რეესტრში შეყვანილი არ არის და ამის გამო ქოსა ნაგაზი, ვერც საერთაშორისო ტურნირებზე და ვერც გამოფენებზე გადის.
მისივე თქმით, თუ სახელმწიფო ამ ჯიშის საერთაშორისოდ აღიარებას ხელს არ შეუწყობს და უნიკალურ სახეობას სათანადოდ არ გაუფრთხილდება - მას, როგორც არაერთ სხვა ქართულ ძაღლს, დავკარგავთ.
„კანონში უნდა ჩაიდოს ვალდებულება, რომ ქართული ქოსა ყაზბეგური ნაგაზი საერთაშორისოდ აღიარებულ ჯიშად იქცეს. 2003 წლიდან მათ მხოლოდ ჩვენი კინოლოგთა ფედერაცია აღიარებს, საერთაშორისო ტურნირებზე და გამოფენებზე კი ეს ძაღლები ვერ გადიან, ან თუ დიდი ძალისხმევის შედეგად ექსპოზიციაზე მოხვდებიან, არაღიარებული ჯიშის ძაღლების კატეგორიაში ხვდებიან, რაც დანაშაულია. ქოსა ყაზბეგური ნაგაზი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ძლიერი ძაღლია, განსაკუთრებული ხასიათი აქვს, მტაცებელს ებრძვის, ხოლო ადამიანსა და შინაურ ცხოველებს იცავს. აუცილებელია, კანონში ჩაიდოს ვალდებულება, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს ამ ჯიშის საერთაშორისოდ აღიარებას.
ქართული ძაღლი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია და მას განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჩვენდა სამწუხაროდ - კავკასიური ნაგაზი, ამ სახელით რუსებმა დაარეგისტრირეს და მისი წარმოშობის ადგილად რუსეთია ჩაწერილი, ამიტომაც ამ ჯიშის მესაკუთრის უფლება ჩვენ დაკარგული გვაქვს... ზოგადად ჯიშის საერთაშორისოდ აღიარებას საერთაშორისო კინოლოგთა ექსპერტიზა და კვლევა სჭირდება, ეს გარკვეულ ხარჯებთანაცაა დაკავშირებული, თუმცა არც იმხელა თანხაზეა საუბარი, რომ ჯიშის დაკარგვად ღირდეს. ჩვენი უნიკალური ჯიში ჩვენს ქვეყანაში პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა იყოს. თავს ვიწონებთ ამ ძაღლით, მაგრამ არ ვუფრთხილდებით, ყოველთვის ჩნდება უფრო პრიორიტეტული საკითხები და ამასობაში შესაძლოა ასეთი მნიშვნელობის მემკვიდრეობა დავკარგოთ. შინაური ბინადარი ცხოველების შესახებ კანონპროექტში ქართულ ჯიშს ცალკე ადგილი უნდა დაეთმოს. ზოგადად კი ქართული ჯიშების საქართველოში გამრავლების წახალისება სტიმულირება აუცილებელია“, - აცხადებს ივანე ნორაკიძე.
პარტიის ცნობით, „მოქალაქეები“ შინაური ცხოველების კანონზე მუშაობაში აქტიურად არის ჩართული და განხილვები საშემოდგომო სესიაზე უნდა გაგრძელდეს.
მათივე ცნობით, კანონში სხვადასხვა მუხლობრივ თუ შინაარსობრივ საკითხებზე ინიციატივების, შენიშვნების თუ შესწორებების მომზადების გარდა, პარტია „მოქალაქეების“ წევრები გეგმავენ, ქართული ჯიშების გადაშენების შესაჩერებლად ყველა ბერკეტი გამოიყენონ.
„ბოლო საუკუნეებში რამდენიმე ქართული ძაღლი დავკარგეთ, მათ შორის მონადირე და მებრძოლი ჯიშის ძაღლები. ამიტომ, ერთადერთი, რაც შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ ქოსა ყაზბეგურ ნაგაზთან დაკავშირებით არის ის, რომ მოხდეს ამ ჯიშის აღრიცხვა, სისტემატიზება, სელექცია, დაჩიპვა და ა.შ., ყველა საჭირო ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ეს იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ჯიში“, - აცხადებს ივანე ნორაკიძე.